სუარესმა „ნორვიჩი“ არ დაინდო
ინგლისის პრემიერლიგის XIV ტურში „ლივერპულსა“ და „ნორვიჩ სიტის“ შორის გამართული მატჩი ლუის სუარესის ნამდვილ ბენეფისად იქცა. მერსისაიდული გუნდის ურუგვაელმა თავდამსხმელმა პოკერი შეასრულა და ერთი საგოლე გადაცემაც მიითვალა. „ლივერპულმა“ მეტოქე ანგარიშით 5:1 დაამარცხა.
სუარესმა ანაგრიში მე-15 წუთზე გახსნა, როცა „ნორვიჩის“ მეკარე კარიდან გამოსული შენიშნა და შორი მანძილიდან დარტყმით გაიტანა. 29-ე წუთზე იმავე სუარესმა „წითლების“ უპირატესობა გაზარდა, ამჯერად გოლი კუთხურს მოჰყვა. 35-ე წუთზე სუარესმა მესამე გოლი გაიტანა: შეტევაზე მყოფმა ურუგვაელმა ფორვარდმა მეტოქე გუნდის მცველს თავზე ლამაზად გადაატარა ბურთი, საჯარიმოში შეიჭრა და ბურთი მეკარესგან მარცხენა კუთხეში გაგზავნა. მომდევნო გოლის ხილვამდე გულშემატკივრებს საკამო ლოდინი მოუწიათ. სუარესმა პოკერი შეხვედრის 74-ე წუთზე საჯარიმო დარტყმით შეასრულა. 83-ე წუთზე ბრედლი ჯონსონსმა ერთი ბურთი კი გაქვითა, თუმცა მატჩს წერტილი მაინც სქაუზერებმა დაუსვეს: სუარესის გადაცემა ახალგაზრდა რაჰიმ სტერლინგმა შეირგო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 5:1.
„ლივერპულმა“ 27 ქულას მოუყარა თავი და მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. რაც შეეხება „ნორვიჩს“, „იადონებს“ 14 ქულით სატურნირო ცხრილის მე-16 პოზიცია აქვთ დაკავებული.
ინგლისის პრემიერლიგა
XIV ტური
„ლივერპული“-„ნორვიჩ სიტი“ 5:1
გოლები: სუარესი 15′, 29′, 35′, 74′, სტერლინგი 88′ – ბ. ჯონსონი 83′.
გაფრთხილებები: ალენი 34′, ჯერარდი 43′, ფლანაგანი 69′ – ჯონსონი 20′.
ბექა დოგრაშვილი