ჟირუ: “თუ ევრო-2016-ს მოვიგებთ, წვერს ლურჯად, თეთრად და წითლად შევიღებავ”

საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ პირობას დებს, თუ მისი გუნდი 2016 წლის ევროპის ჩემპიონატს მოიგებს, იგი წვერს ეროვნული დროში ფერებში შეიღებავს.

“თუ ევროპის ჩემპიონატს მოვიგებთ, წვერს არ გავიპარსავ და მას ლურჯ, თეთრ და წითელ ფერებში შევიღებავ”, – ციტირებს ჟირუს სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.

შეგახსენებთ, რომ ფრანგები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე რუმინელების, ალბანელებისა და შვეიცარიელების წინააღმდეგ ითამაშებენ.

სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია ჟირუს

ლონდონის “არსენალის” თავდამსხმელ ოლივიე ჟირუს სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის პრემიერლიგის XVIII ტურში “არსენალსა” და “ქუინს პარკ რეინჯერსს” შორის გამართული მატჩის (2:1) მიმდინარეობისას ფრანგმა ფეხბურთელმა მეტოქე გუნდის მცველ ნედუმ ონუოჰას სახეში თავი ჩაარტყა, რის გამოც მთავარმა არბიტრმა “მეთოფეთა” ფორვარდს პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა.

ამრიგად, ოლივიე ჟირუ პრემიერლიგის ეგიდით “ვესტ ჰემისა” და “საუთჰემპტონის”, ასევე ინგლისის თასზე “ჰალ სიტის” წინააღმდეგ გასამართ მატჩებს გამოტოვებს.

ჟირუ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დარჩენილ მატჩებსაც გამოტოვებს

ლონდონის “არსენალის” თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ, რომელიც მძიმე ტრავმის შემდეგ სულ ცოტა ხნის წინათ დაუბრუნდა მოედანს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დარჩენილ ორ მატჩს გამოტოვებს.

როგორც ირკვევა, “მეთოფეებმა” სექტემბრის დასაწყისში ფრანგი ფეხბურთელი ტურნირის საერთო განაცხადში არ შეიყვანეს და ჟირუსაც ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება არ აქვს.

თებერვლიდან, როდესაც ევროპული საკლუბო ტურნირები განახლდება, “არსენალს” ჟირუს გამოყენება უკვე შეეძლება.

 

მსაჯთა მიერ დაშვებული შეცდომები ბრაზილიის მუნდიალზე

ბრაზილიაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატი მეხსიერებაში დარჩება არამხოლოდ როგორც ბოლო წლების ყველაზე სანახაობრივი ტურნირი, არამედ მსაჯთა მუშაობის მხრივ ერთ-ერთი ყველაზე სუსტიც. მართალია, გოლის ფიქსაციის ავტომატურმა სისტემამ თავისი საქმე ჩინებულად შეასრულა, თუმცა მსაჯთა მიერ დაშვებულ შეცდომებს მაინც ვერ გავექეცით. არბიტრებმა შეცდომების დაშვება ტურნირის სასტარტო მატჩიდანვე დაიწყეს და ფინალურ შეხვედრამდე გააგრძელეს.

1. ბრაზილია — ხორვატია (იუიტი ნისიმურა, იაპონია)
იაპონელმა მსაჯმა ნისიმურამ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნით მატჩში გადაწყვიტა, რომ ბრაზლიის ნაკრებს ქულები არ უნდა დაეკარგა და მაშინ, როცა ანგარიში საყაიმო იყო, „სელესაოს“ პენალტი აჩუქა. ფიფამ ნისიმურა მომდევნო მატჩებში მთავარ არბიტრად აღარ ამუშავა, რითაც ირიბად აღიარა, რომ იაპონელი მსაჯი შეცდა.

ბრაზილიისა და ხორვატიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას თერთმეტმერიანი დარტყმის მიზეზი ბალკანელთა მცველ დეიან ლოვრენის მიერ ფრედის წაქცევა გახდა. ლოვრენმა ბრაზილიელ თავდამსხმელს ზურგში ოდნავ უბიძგა, ფრედმა მომენტით ისარგებლა და ისე წაიქცა, თითქოს ძლიერი დარტყმა მიეღოსო.

2. მექსიკა — კამერუნი (უილმარ როლდან პერესი, კოლუმბია)
მექსიკისა და კამერუნის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში თავად პერესის მიმართ იმდენი პრეტენზია არ გვაქვს, რამდენიც მისი თანაშემწის, უმბერტო კლავიხოს მიმართ. კლავიხომ მექსიკელთა შემტევ ჯოვანი დოს სანტოსს წესების დაცვით გატანილი ორი გოლი გაუუქმა. ჯერ მე-11 წუთზე გაიტანა მექსიკელმა ფეხბურთელმა, როდესაც მარჯვენა ფლანგიდან ჩამოწოდების შემდეგ ორ მცველს შორის გაიპარა და ხუთი მეტრიდან დაარტყა, შემდეგ იყო 28-ე წუთი, როცა ბურთი კამერუნელი მცველისგან მიუვიდა და ახლო მანძილიდან დარტყმით გაიტანა. ორივე შემთხვევაში კლავიხომ თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

3. ესპანეთი — ჰოლანდია (ნიკოლა რიცოლი, იტალია)
ფინალური მატჩის არბიტრმა ნიკოლა რიცოლიმ შეცდომების დაშვება ჯერ კიდევ ჯგუფურ ეტაპზე დაიწყო. ესპანეთისა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრის დროს იტალიელმა მსაჯმა დიეგო კოსტას წინააღმდეგ თამაშის წესის დარღვევა დააფიქსირა და პენალტი დანიშნა. არადა, გაესპანელებული ბრაზილიელი თავდამსხმელი თავადვე აქტიურად ცდილობდა ჯარიმაზე თამაშს და სტეფან დე ვრეის ვარდნას ფეხი ოსტატურად დაახვედრა. იტალიელი მსაჯი წამოეგო კოსტას ამ ხრიკს და თერთმეტმერიანის ნიშნულისკენ მიუთითა.

მეორე ტაიმში რიცოლი უკვე „ნარინჯისფერთა“ სასარგებლოდ შეცდა, როდესაც დე ვრეის გოლის მომენტში მეკარის ბაქანზე იკერ კასილასის წინააღმდეგ თამაშის წესის დარღვევა ვერ შენიშნა.

ამ შეცდომების მიუხედავად, ფიფამ ფინალური მატჩის განსჯა სწორედ რიცოლის მიანდო.

4. ურუგვაი — კოსტა რიკა (ფელიქს ბრიხი, გერმანია)
კოსტარიკელთა მოულოდნელმა და ლამაზმა თამაშმა ფელიქს ბრიხის და სამსაჯო ბრიგადის შეცდომა გადაფარა. გვერდითა მსაჯმა შტეფან ლუპმა ვერ შენიშნა თამაშგარე მდგომარეობაში მყოფი ოსკარ დუარტე, რომელმაც ფერნანდო მუსლერას კარში მეორე გოლი გაიტანა. როგორც ჩანს, გვერდით მსაჯს ბურთის ჩაწოდების მომენტში დუარტეს ადგილმდებარეობა გამორჩა, რითაც ფეხბურთელმა იხეირა.

5. შვეიცარია — საფრანგეთი (ბიორნ კეიპერსი, ჰოლანდია)
ყველას გვახსოვს ამ მატჩის შედეგი, თუმცა მე-8 წუთზე, როცა ანგარიში ნულოვანი იყო, ფრანგთა თავდამსხმელმა ოლივიე ჟირუმ ბარბაროსულად ჩაუმტვრია ყვრიმალი შვეიცარიელთა მცველ სტივ ფონ ბერგენს. მომენტი მსაჯის თვალწინ მოხდა, თუმცა კეიპერსს წარბიც არ შეურხევია. ჟირუ გაძევებასაც იმსახურებდა, თუმცა ფრანგ თავდამსხმელს ყვითელი ბარათიც კი არ უჩვენეს.

აღნიშნული ეპიზოდი ფიფამაც უყურადღებოდ დატოვა, რითაც ფრანგები კიდევ უფრო გათავხედნენ. მომდევნო ჯერზე იმავე ჟირუმ და მამადუ სახომ ეკვადორელთა ფეხბურთელის ყბის გამძლეობა გამოსცადეს. მერვედფინალურ ეტაპზე კი, ბლეზ მატუიდიმ ნიგერიელ ნახევარმცველ ოგენი ონაზის ლამის ფეხი მოსტეხა.

6. ნიგერია — ბოსნია & ჰერცეგოვინა (პიტერ ოლირი, ახალი ზელანდია)
ახალზელანდიელ მსაჯთა ბრიგადამ ოსტატურად „მოკლა“ მუნდიალის დებიუტანტი ბოსნია & ჰერცეგოვინის ნაკრები. ჯერ იყო და 21-ე წუთზე გოლის გატანის მომენტში ედინ ჯეკო დააფიქსირეს არარსებულ თამაშგარე მდგომარეობაში, შემდეგ კი მსაჯმა ემირ სპაჰიჩის წინააღმდეგ თამაშის წესის დარღვევაზე რეაგირება არ მოახდინა. ფლანგური გარღვევის დროს ემანუელ ემენიკემ წესის დარღვევით აუარა გვერდი სპაჰიჩს და პიტერ ოდემვინგეს საგოლე პასი გაუკეთა.

7. იტალია — ურუგვაი (მარკო როდრიგეს მორენო, მექსიკა)
მარკო როდრიგეს მორენო ის მსაჯია, რომელსაც ლუის სუარესის კბენა გამოეპარა. მან ურუგვაელი თავდამსხმელი არ გააძევა და „სელესტემ“ მერვედფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.

8. ბრაზილია — კოლუმბია (კარლოს ველასკო კარბალიო, ესპანეთი)
ესპანელი მსაჯი იმდენად შეიჭრა ლიბერალის როლში, რომ მთელი მატჩის განმავლობაში ვერ ამჩნევდა, როგორ ურტყამდნენ ბრაზილიელები ხამეს როდრიგესს ფეხში. „სელესაო“ იმდენად უხეშად ეთამაშებოდა კოლუმბიელთა ლიდერს, რომ ფერნანდინიო ჯერ კიდევ პირველ ტაიმში იმსახურებდა გაძევებას, თუმცა კარბალიო თვლიდა, რომ მისთვის ყვითელი ბარათიც ზედმეტი იქნებოდა. საბოლოო ჯამში, ხამესის წინააღმდეგ თამაშის წესების დარღვევისას მას არცერთი გაფრთხილება არ უჩვენებია.

კოლუმბიელებს ყელში ამოუვიდათ ეს უსამართლობა და ამით მობეზრებულმა კამილო სუნიგამ ნეიმარი კინაღამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აქცია. სხვათა შორის, არც ამ ეპიზოდში არ უჩვენებია მსაჯს ბარათი.

9. ბრაზილია — ჰოლანდია (ჯამელ ჰაიმუდი, ალჟირი)
ალჟირელმა არბიტრმა მესამე ადგილისთვის მატჩის სტარტზე ერთბაშად ორი სერიოზული შეცდომა დაუშვა. არიენ რობენი მეკარესთან ერთი ერთზე გადიოდა, თუმცა ტიაგო სილვამ ის დაიჭირა და წააქცია. თამაშის წესის დარღვევა საჯარიმო მოედნის გარეთ მოხდა. იმის მაგივრად, რომ მსაჯს ჯარიმა დაენიშნა და ბრაზილიელი მცველი გაეძევებინა, მან პენალტის ნიშნულისკენ მიუთითა, ტიაგო სილვას კი ყვითელი ბარათი უჩვენა.

მე-17 წუთზე კი აფრიკელმა მსაჯებმა ვერ შენიშნეს, რომ მეორე საგოლე კომბინაცია ჰოლანდიელებმა თამაშგარე მდგომარეობაში მყოფი ჟორჟინიო ვეინალდუმის მისამართით გაგზავნილი პასით დაიწყეს.

მეორე ტაიმში ჰაიმუდიმ ჰოლანდიელთა კარის მიმართულებით პენალტი არ დანიშნა. პირიქით, ოსკარს სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი უჩვენა, არადა, თამაშის წესის დარღვევა აშკარა იყო. ჰაიმუდიმ არაკვალიფიციური არბიტრის შთაბეჭდილება დატოვა.

10. გერმანია — არგენტინა (ნიკოლა რიცოლი, იტალია)
ფიფამ ფინალური მატჩის მთავარ არბიტრად იტალიელი ნიკოლა რიცოლი დანიშნა, რასაც გერმანელთა არცთუ ისე კარგი რეაქცია მოჰყვა და ეს არც იყო გასაკვირი, რადგან არგენტინის ნაკრების ფეხბურთელთა ნახევარს სწორედ იტალიური ფესვები აქვს. რიცოლი არგენტინელ მოთამაშეებს მართლაც ლიბერალურად ეპყრობოდა. ჯერ კიდევ პირველ ტაიმში იყო ესეკიელ გარაი გასაფრთხილებელი, როცა ახალგაზრდა კრისტოფ კრამერს ძალიან მძიმედ შეეჯახა, თუმცა არბიტრმა ამ ეპიზოდში თამაშიც კი არ გაჩერა. კრამერმა ტვინის შერყევა მიიღო და მოგვიანებით მოედანი დატოვა. მატჩის ერთ-ერთ მომენტში მანუელ ნოიერი შეეჯახა გონსალო იგუაინს, თუმცა მსაჯმა არგენტინელი ფეხბურთელი აქეთ დააჯარიმა.

დამატებით ტაიმებში რიცოლიმ ორ ეპიზოდში არ მისცა როდრიგო პალასიოს ყვითელი ბარათი, უხეში თამაშისთვის მოედნიდან არ გააძევა უკვე გაფრთხილებული ხავიერ მასკერანო. იყო მომენტიც, როდესაც სერხიო აგუერომ ბასტიან შვაინშტაიგერს სახეში ხელი ჩაარტყა და გერმანელ ფეხბურთელს სისხლი ადენინა, თუმცა არბიტრმა ეს ეპიზოდიც უყურადღებოდ დატოვა.

 

ჟირუ: „ხალხს ჯერ კიდევ კარგად ახსოვს 1998 წლის გამარჯვება“

საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ იმედს გამოთქვამს, რომ „მამლები“ 2010 წელს გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე განცდილი კრახის რეაბილიტაციას წლევანდელ მუნდიალზე შეძლებენ. შეგახსენებთ, რომ სამხრეთ აფრიკაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ფრანგები ჯგუფში ჩარჩნენ.

„ხალხს ჯერ კიდევ კარგად ახსოვს 1998 წლის გამარჯვება. ამიტომ, მათ კვლავ დიდი მოლოდინი აქვთ. კი ბატონო, ჩვენი გუნდი მეტწილად შეიცვალა, თუმცა სამხრეთ აფრიკაში განცდილი იმედგაცრუების შეცვლა წელს შეგვიძლია. ვეცდებით, რომ ეს შანსი გამოვიყენოთ“, – ჟირუს სიტყვებს „ტუტომერკატო“ აქვეყნებს.

მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საფრანგეთს მეტოქეებად ეკვადორის, ჰონდურასისა და შვეიცარიის ნაკრებები ჰყავს. ფრანგები სასტარტო შეხვედრას 15 ივნისს ჰონდურასის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებენ.

ბექა დოგრაშვილი

ჟირუს „არსენალში“ დარჩენა სურს

ლონდონის „არსენალის“ თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ გამოტყდა, რომ კლუბში დარჩენა სურს. გარდა ამისა, ფრანგმა ფეხბურთელმა იმედი გამოთქვა, რომ არსენ ვენგერი „არსენალის“ თავკაცის პოსტზე დარჩება.

„რა თქმა უნდა, მომდევნო სეზონშიც „არსენალში“ ვითამაშებ. ლონდონში ყველაფრით კმაყოფილი ვარ. კლუბთან მოქმედი ხელშეკრულება 2016 წელს მეწურება. კონტრაქტის გახანგრძლივების სურვილიც მაქვს.

მინდა, რომ არსენ ვენგერი კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩეს. ის ძალზედ გამოცდილი სპეციალისტია, ამიტომ დაკავებული თანამდებობა უნდა შეინარჩუნოს. ვფიქრობ, მომდევნო სეზონში ტიტულისთვის ბრძოლა ბოლო ტურამდე შეგვეძლება“, – ჟირუს სიტყვებს „სქაი სპორტსი“ აქვეყნებს.

ბექა დოგრაშვილი

ჟირუ ოჯახური მიზეზის გამო საფრანგეთში დაბრუნებაზე ფიქრობს

ლონდონის „არსენალის“ თავდამსხმელმა ოლივიე ჟირუმ შესაძლოა კლუბი ოჯახური მიზეზების გამო დატოვოს.

ბრიტანული „მირორის“ ცნობით, ჟირუს მეუღლე ფეხბურთელს მას შემდეგ ეჩხუბა, რაც ფრანგმა თავდამსხმელმა მას ცნობილ მოდელთან უღალატა. ახლა ჟირუს მეუღლე ქმრის საფრანგეთში დაბრუნებას ითხოვს.

წყაროს თანახმად, ჟირუ საფრანგეთის ჩემპიონატში მოასპარეზე რომელიმე კლუბში გადასვლაზე ფიქრობს, რათა ოჯახი არ დაენგრეს.

შეგახსენებთ, რომ ჟირუ „არსენალში“ 2012 წელს „მონპელიედან“ გადავიდა.

ბექა დოგრაშვილი

ჟირუ: „მანჩესტერთან“ ფრე თავდაჯერებას შეგვმატებს“

ლონდონის „არსენალის“ თავდამსხმელმა ოლივიე ჟირუმ განაცხადა, რომ „ლივერპულთან“ განადგურების შემდეგ (1:5), მისმა გუნდმა რეაბილიტაცია „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მოახდინა, რომელსაც უგოლოდ დაშორდა.

„ვფიქრობ, „ლივერპულთან“ ჩატარებული მატჩის შემდეგ ჩვენდამი გაჩენილ კრიტიკას გუშინდელი შეხვედრით ვუპასუხეთ. ფრედ დასრულებულმა მატჩმა კარგი შთაბეჭდილება მოახდინა, თან ბოლო წუთებში გატანაც შეგვეძლო. ეს თავდაჯერებას შეგვმატებს. შეხვედრის პირველ ტაიმში კარგად გამოვიყურებოდით, თუმცა ცოტა დაღლილები ვიყავით. მთავარია, რომ „ლივერპულთან“ დამარცხების შემდეგ ჩვენი რეაქცია ვაჩვენეთ. დარწმუნებული ვარ, მომავალი მატჩები აჩევენებს, რომ ამ სეზონში ჩვენი პრეტენზიები სავსებით საფუძვლიანია“, – ჟირუს სიტყვები TMW-მ გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

ჟირუ: „ლორისი „არსენალში“ გადმოსვლის წინააღმდეგი არ არის“

ლონდონის „არსენალის“ თავდამსხმელმა ოლივიე ჟირუმ განაცხადა, რომ „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ მეკარე უგო ლორისი სიამოვნებით ითამაშებდა „მეთოფეთა“ რიგებში.

„უგოსთან საკმაოდ ხშირი ურთიერთობა მაქვს, ჩვენ სხვადასხვა თემებზე ვსაუბრობთ ხოლმე. ვლაპარაკობთ ცხოვრების, საფრანგეთის ნაკრების, ბრაზილიაში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის შესახებ.

ვისურვებდი თუ არა მის ხილვას „არსენალში“? დიახ, მინდა, რომ მან ჩვენთან ერთად ითამაშოს და არც თავად არის აღნიშნული ტრანსფერის წინააღმდეგი“, – ჟირუს სიტყვები The World Game-მა გამოაქვეყნა.

 

ოლივიე ჟირუ სკანდალში გაეხვა

„სანი“ რომ სკანდალური ტაბლოიდია, ეს საქართველოშიც კარგად იციან. გაზეთის ირლანდიურმა გამოცემამ დღევანდელი ნომრის თავფურცელი ჩვეულ სტილში, სკანდალური ჰედლაინებით შეავსო, ერთ-ერთი ნაწილი კი ლონდონის „არსენალის“ თავდამსხმელ ოლივიე ჟირუს ეხება.

გაზეთის მტკიცებით, „ლივერპულთან“ გამართული მატჩის (1:5) წინა ღამეს ჟირუს საკუთარი თავისთვის ცელქობის უფლება მიუცია. თურმე, 27 წლის ფრანგი ფეხბურთელი ღამის 3 საათზე, სასტუმროს ნომერში მოდელ სელია კეისთან ერთად ერთობოდა. სხვათა შორის, ჟირუ დაქორწინებული გახლავთ.

თუ ეს ამბავი სიმართლეა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჟირუს ოჯახშიც და კლუბშიც სერიოზული პრობლემები შეექმნება. მოგეხსენებათ, არსენ ვენგერს გუნდში მკაცრი დისციპლინა აქვს დამყარებული. თუ „სანის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, „არსენალსა“ და ფრანგ ფეხბურთელს ტაბლოიდის წინააღმდეგ ჩივილიც შეუძლიათ.

აღსანიშნავია, რომ „ლივერპულთან“ ჟირუმ მეტად უსუსურად ითამაშა, რისთვისაც ფრანგმა ფეხბურთელმა მატჩის შემდეგ ჩრდილოლონდონური კლუბის ქომაგებს ბოდიში მოუხადა.

აქვე გთავაზობთ ირლანდიური „სანის“ კვირის ნომრის თავფურცელს.

ბექა დოგრაშვილი

ჟირუ: „არსენალს“ ახალი თავდამსხმელი არ სჭირდება“

„ნიუკასლის“ კარში გამარჯვების გოლის ავტორმა ოლივიე ჟირუმ განაცხადა, რომ ზამთრის სატრანფერო ფანჯრის დროს მის გუნდს თავდამსხმელების დამატება არ სჭირდება.

„ჩვენ საკმაოდ ბევრი შემტევი მოთამაშე გვყავს. პოდოლსკი მოედანზე წარმატებით დაბრუნდა, უოლკოტს კი ფორვარდის პოზიციაზეც შეუძლია თამაში. „არსენალის“ ყველა თავდამსხმელი მაღალი დონისაა. თუ ვენგერს ჩემი სკამზე დასმა სურს, ამისთვის ახალი ფეხბურთელების მოყვანა საჭირო სულაც არ არის“, – განაცხადა ფრანგმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ჟირუ: „რომ ვერ გამეტანა, ხალხი დაიწყებდა ლაპარაკს, ჟირუ ცუდად თამაშობსო“

საფრანგეთისა და ავსტრალიის ნაკრებებს შორის გუშინ გამართული ამხანაგური მატჩი ევროპელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 6:0 დასრულდა. დუბლი შეასრულა ლონდონის „არსენალის“ თავდამსხმელმა ოლივიე ჟირუმ, რომელმაც შეხვედრის შემდეგ სიხარული ფრანგ ჟურნალისტებს გაუზიარა.

„პირველ საგოლე ეპიზოდში რომ ვერ გამეტანა, ხალხი შემდეგ ლაპარაკს დაიწყებდა, ჟირუ ცუდად თამაშობსო. მეორე გოლი ლამაზი კომბინაციის დაგვირგვინება იყო. ვიმედოვნებ, ასეთ გოლებს კიდევ გავიტან. თავდამსხმელის თამაში რომ შეაფასო, ამისთვის მას მომენტი უნდა შეუქმნა. გოლის გასატანად ბევრი შანსი მომეცა. იმისთვის, რომ გუნდმა ბევრი გაიტანოს, მას რამდენიმე ძლიერი ფორვარდი უნდა ჰყავდეს. ჩვენ გაგვიმართლა, რადგან გუნდში გვყავს ორი ისეთი თავდამსხმელი, რომელიც სხვადასხვა ტაქტიკებში ჯდება. მოხარული ვარ, რომ გავიტანე. მახარებს კარიმ ბენზემას გოლიც. ეს ჩვენთვისაც კარგია და ნაკრებისთვისაც“, – ჟირუს სიტყვები ფრანგულმა L’Equipe-მა გამოაქვეყნა.

დანარჩენი სამი გოლი ფრანკ რიბერის (8′, პენ), იოან კაბაისა (29′) და მატიე დებიუშის (47′) ანგარიშზეა.

ბექა დოგრაშვილი