ქალიშვილის ქორწინების გამო შეწყვეტილი შთამბეჭდავი სერია

ქალიშვილის ქორწინება სასიხარულო რამ გახლავთ, თუმცა პიტერ აბოტს ეს დღესასწაული ყელში ძვალივით გაეჩხირა. საქმე იმაში გახლავთ, რომ ქორწინება საყვარელი გუნდის – „ვულვერჰემპტონ უონდერერსის“ მატჩს დაემთხვა. ასე შეწყდა აბოტის ფანტასტიური სერია. პირველად ის „მგლების“ სტადიონზე 1976 წლის 16 მარტს იყო. მას შემდეგ ერთი მატჩიც არ გამოუტოვებია, 37 წლის მანძილზე ყოველ შეხვედრას ესწრებოდა. საერთო ჯამში, მიჯრით 1912 მატჩს დაესწრო. არადა, აბოტი მთელი ამ ხნის განმავლობაში იფსვიჩში ცხოვრობდა – 225 კილომეტრის მოშორებით „ვულვერჰემპტონის“ საშინაო არენისგან.

„ქოვენთრის სიტისთან“ გამართულ მატჩს (1:1) ვერ დაესწრო, თუმცა „ვულვერჰემპტონმა“ ერთგული ქომაგი არ დაივიწყა. საქორწილო ცერემონიალზე აბოტს გუნდის თითოეული ფეხბურთელისა და მწვრთნელის მიერ ხელმოწერილი მაისურები და გამოტოვებული მატჩის პროგრამა მიართვეს. დროა, აბოტმა ახალი შთამბეჭდავი სერიის დაწყებაზე იფიქროს.

ბექა დოგრაშვილი