ჭანტურია: “ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ”
რუმინული “კლუჟის” ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჭანტურია აცხადებს, რომ ამჟამად გუნდი ძალიან რთულ მდგომარეობაშია და სიტუაციის გამოსასწორებლად თავდაუზოგავი შრომაა საჭირო.
შეგახსენებთ, რომ სახელფასო დავალიანების გამო, ჭანტურიას გუნდს 24 ქულა დააკლეს და ის ჩემპიონატის ცხრილში ბოლო ადგილს იკავებს.
15 მარტს, რუმინეთის ჩემპიონატის 21-ე ტურში, “კლუჟმა” საკუთარ მოედანზე “ვიიტორული” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა. მასპინძელთა მხრიდან ერთადერთი გოლი ქართველმა თავდამსხმელმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ეს გოლი “კლუჟისათვის” 2015 წელს ჩატარებულ ოფიციალურ შეხვედრებში პირველი იყო.
“სამწუხაროა, რომ ჩემს გოლს გუნდისათვის წარმატება არ მოუტანია. სულელური მიზეზების გამო ბევრ გოლს ვუშვებთ, ეს პრობლემა კი აუცილებლად უნდა აღმოვფხრათ. პრობლემები გვაქვს დაცვაშიც, ამრიგად თავდაუზოგავად უნდა ვიშრომოთ.
ცუდია, რომ 2015 წელს პირველი გოლი სწორედ ახლა გავიტანეთ. ჩემპიონატის დასრულებამდე ბევრი მატჩია დარჩენილი, ამიტომ არ ვიცი, მოგვიწევს თუ არა მეორე ლიგაში დაქვეითება. ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ, მაგრამ შეგვიძლია, ერთად ყველა პრობლემას გავუმკლავდეთ.
მეორე ლიგაზე ფიქრიც კი არ მინდა. ბოლომდე ბრძოლაა საჭირო. ჩვენ გვყავს გულშემატკივრები, რომლებიც სტადიონზე მხარს გვიჭერენ, მათ კი პატივი უნდა ვცეთ. არავინ იცის, რა მოხდება მომავალში”, – ციტირებს ჭანტურიას სიტყვებს Stiridesport.ro.