“ცხინვალმა” ნახევარფინალის საგზური მცხეთაში მოიპოვა
დღეს, მცხეთა პარკზე საქართველოს დავით ყიფიანის თასის საპასუხო ნახევარფინალურ შეხვედრაში “ვიტ ჯორჯიამ” “ცხინვალს” უმასპინძლა. შეგახსენებთ, რომ მიხეილ მესხზე ჩატარებული ამ გუნდების პირველი მატჩი “ვეტერინართა” გამარჯვებით, 5:4 დასრულდა.
უხვგოლიანი დღევანდელი მატჩიც გამოდგა, თუმცა ამჯერად ერთი გუნდის უპირატესობა აშკარა იყო და ეს გუნდი “ცხინვალი” იყო. კაჭარავას შეგირდებმა პირველივე წუთებიდან აქტიურად დაიწყეს და გატანის შანსი მე-10 წუთზე ჰქონდათ, თუმცა სტუმრებმა ფაქტობრივად ცარიელ კარში ვერ შეაგდეს. ანგარიში კი 22-ე წუთზე რატი ცაცკრიალაშვილის დარტყმით გაიხსნა.
პირველი ტაიმის დამთავრებამდე სტუმრებს უპირატესობის გაზრდაც შეეძლოთ, თუმცა ლექვთაძის დარტყმულს “ვიტელთა” მცველები გადაეღობნენ და ტაიმიც ცხინვალელთა მინიმალური გამარჯვებით დასრულდა.
მეორე ნახევარი ვეტერინარებმა აქტიურად დაიწყეს, თუმცა რამდენიმე სახიფათო შეტევის შემდეგ გოლი საკუთარ კარში მიიღეს. 50-ე წუთზე “ცხინვალის” სწრაფი შეტევა მახარობლიძემ, რომელმაც ლექვთაძის კარგი პასი გამოიყენა, გოლით დაასრულა. სულ რაღაც 5 წუთში სტუმართა უპირატესობა უკვე გამანადგურებელი გახდა. ამჯერად თავი კვლავ რატი ცაცკრიალაშვილმა გამოიჩინა, რომელმაც “ვიტელთა” მეკარის და დაცვის შეუთანხმებელი თამაშით ისარგებლა. შეხვედრის 70-ე წუთზე კი ლექვთაძის ჯერიც დადგა. “ცხინვალმა” კუთხური გაითამაშა, 22-ე ნომრის ჩაწოდება კი კარში წავიდა – 0:4.
დარჩენილ წუთებში “ვიტ ჯორჯიამ” მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანა შეძლო და ისიც საკმაოდ სადავო სიტუაციაში მოპოვებული 11-მეტრიანით, რომელიც ღიბრაძემ მატჩის 83-ე წუთზე შეასრულა.
საბოლოოდ, ორი მატჩის ჯამში ყველაზე უხვგოლიანი 1/4 ფინალური დუელი “ცხინვალის” გამარჯვებით, 8:6 დასრულდა.
ვიტ ჯორჯია 1-4 ცხინვალი
გოლები: ცაცკრიალშვილი 23′ (0:1); მახარობლიძე 50′ (0:2): ცაცკრიალაშვილი 55′ (0:3); ლექვთაძე 70′ (0:4); ღიბრაძე 83′ (1:4)
“ვიტ ჯორჯია”: შეროზია, კალანდია (ხვისტანი 60′), ჩიტიშვილი, გეთიაშვილი, დანელია, დავლაშელიძე, ღიბრაძე, კურდღელაშვილი (ნიკა მაისურაძე 46′), კუხალეიშვილი (ლობჯანიძე 60′), საბაძე, თათხაშვილი.
მთ. მწვრთნელი: ზურაბ ბერიძე
“სპარტაკი”: ნადირაძე, შინდაგორიძე (გელაშვილი 87′), იმედაშვილი, მახარობლიძე, კაჭკაჭიშვილი, კილასონია, ცერცვაძე, ცაცკრიალაშვილი (ბურძენაძე 76′), ჯიშკარიანი (თარხნიშვილი 63′), ლექვთაძე, ქარდავა.
მწ. მწვრთნელი: კახა კაჭარავა