იური სიომინი: “მოდის თუ არა ქართველი “ლოკომოტივში”, გუნდი მაშინვე იგებს ტიტულს”
რუსეთის თასის ნახევარფინალურ მატჩში მოსკოვის “ლოკომოტივმა” “უფა” ანგარიშით 1:0 დაამარცხა და ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში თამაშის უფლება მოიპოვა. შეხვედრა სრულად ჩაამთავრა სოლომონ კვირკველიამ. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა “ლოკომოტივის” მთავარ მწვრთნელ იური სიომინს ჰკითხეს, ყალიბდება თუ არა კვირკველია გუნდის ახალ ლიდერად. გამარჯვებით გახარებულმა სიომინმა შეკითხვას ხუმრობანარევი პასუხი გასცა.
“ჩვენთან ქართველები ყოველთვის კარგად თამაშობდნენ. გუნდში მოდის თუ არა ქართველი, მაშინვე რაღაცას ვიგებთ. ამიტომაც მოვიყვანეთ სოლომონი”, – აღნიშნა სიომინმა.
შეგახსენებთ, რომ ქართველ ფეხბურთელთაგან მოსკოვის “ლოკომოტივში” მანამდე მალხაზ ასათიანს, მიხეილ აშვეთიას, გიორგი დემეტრაძეს, ზაზა ჯანაშიას, დავით მუჯირსა და გიორგი ჭელიძეს უთამაშიათ.
როგორც მოგეხსენებათ, კვირკველია ყაზანის “რუბინის” ფეხბურთელია და “ლოკომოტივში” სეზონის ბოლომდე იჯარის წესით თამაშობს. ცნობილია, რომ ქართველ ფეხბურთელს მოსკოვურ გუნდში დარჩენის სურვილი აქვს.
რუსეთის თასის ფინალურ მატჩში “ლოკომოტივის” მეტოქე” “ურალსა” და ყაზანის “რუბინს” შორის გამარჯვებული იქნება. ტურნირის გადამწყვეტი შეხვედრა 2 მაისს, ქალაქ სოჭში გაიმართება.