“ზესტაფონი” პროკურატურაში მიდის – კოკაია ფეხბურთელების მოსყიდვის მცდელობაზე საუბრობს
საზოგადოებრივი მაუწყებლის და რუსთავი 2-ის ეთერში “ზესტაფონის” პრეზიდენტმა, ილია კოკაიამ განაცხადა, რომ გორის “დილასთან” მატჩამდე ზესტაფონელთა რამდენიმე ფეხბურთელის მოსყიდვის მცდელობას ჰქონდა ადგილი, რაზეც იმერულმა კლუბმა სფფ-ს აცნობა. კოკაიამ განაცხადა, რომ “ზესტაფონი” ამ ფაქტის გამოძიების მიზნით პროკურატურაში მიმართავს.
კოკაიას ამ განცხადებას გორის “დილა” საგანგებო მიმართვის გამოეხმაურა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
“უხერხულია დღევანდელი გორის “დილას” მისამართით ასეთ აბსურდულ ბრალდებაზე კომენტარის გაკეთება.
ჩვენ გვესმის, რომ ეროვნული ჩემპიონატის სეზონი მთავრდება და დაძაბულობა მატულობს. “დილა” სამართლიანად იმყოფება პირველ ადგილზე.
ჩვენ მსგავსი სიბინძურის წინააღმდეგი ვართ და არც ამ ბინძურ საინფორმაციო ომში ვაპირებთ ჩაბმას. საფეხბურთო კლუბი “დილა” მზად არის, გახსნილად ითანამშრომლოს ყველა დონეზე”.
კოკაიამ ასევე განაცხადა, რომ ნებისმიერ მსურველს “ზესტაფონის” აქციებსა და ინფრასტრუქტურას სიმბოლურ ფასად, 2 ლარად მიჰყიდის. აღსანიშნავია, რომ აქამდე “ზესტაფონის” ფასი 1 ლარი იყო.