ზუგდიდი ახალგაზრდა უკრაინელებს გასინჯავს
კვირას კიევი – ქუთაისის რეისით ჩვენს ქვეყანას „კნიაჟას“ საფეხბურთო აკადემიის აღზრდილი სამი უკრაინელი ახალგაზრდა ფეხბურთელი ეწვევა. საქართველოში საკუთარი საფეხბურთო კარიერის გაგრძელებას გეგმავენ დმიტრი ცვილიკი, ვადიმ პეტრენკო და მიხაილო იუშიშენი – სამივე მათგანი 1997 წელს გახლავთ დაბადებული.
პერსპექტიული უკრაინელი ფეხბურთელები, საკუთარ შესაძლებლობებს ზუგდიდს საფეხბურთო კლუბში მოსინჯავენ. ფეხბურთელების შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად Fanebi.com ირაკლი ხვედელიანს დაუკავშირდა, რომელმაც კლუბი და ახალგაზრდა მოთამაშეები ერთმანეთთან დააკვაშირა.
ირაკლი ხვედელიანი: “უკრაინაში შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე, მოზარდმა ფეხბურთელებმა საკუთარი საფეხბურთო ბედის ძიება ქვეყნის საზღვრებს გარეთ გადაწყვიტეს. ერთ–ერთი მათგანი, კერძოდ კი დმიტრი ცვილიკი დამიკავშირდა და მთხოვა მას და მის მეგობრებს დავხმარებოდი. ახალგაზდა ფეხბურთელების საქმეში ნახვა უმაღლესი ლიგის წარმომადგენელმა, ზუგდიდის საფეხბურთო კლუბმა ისურვა. ზოგადად ეს გუნდი ყოველთვის იმით გამოირჩევა, რომ ახალგაზრდა პერსპექტიულ ფეხბურთელებს ხშირად უცხადებს ნდობას. ზუგდიდური კლუბი 17–18 წლის ფეხბურთელებს ხშირად აძლევს უმაღლეს ლიგაში თამაშის საშუალებას, მაღალ დონეზე გამოცდილების მიღების შემდეგ კი ამ კლუბიდან არაერთი ბიჭი გვინახავს საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში მიწვეული.
რაც შეეხება თავად სამეულს: დმიტრი ცვილიკი 1997 წლის 26 თებერვალს გახლავთ დაბადებული, ფეხბურთის თამაში მან 6 წლიდან დაიწყო. ტანმაღალი (სიმაღლე: 1,83 / წონა: 63 კგ.) დმიტრი ცვილიკი ამპლუით ცენტრალური ფორვარდი არის, საჭიროების შემთხვევაში შეტევის გაძლიერება ფლანგებიდანაც შეუძლია და არც სისწრაფეების განვითარება უჭირს. ზუგდიდს ეწვევა მისი მეგობარი და თანაგუნდელი ვადიმ პეტრენკო, რომელიც 1997 წლის 30 იანვარს არის დაბადებული. ამპლუით საყრდენი ნახევარმცველი. ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე (სიმაღლე: 1,87 / წონა: 64 კგ.) ხშირად თამაშობდა ცენტრალური მცველის პოზიციაზეც. კიდევ ერთი ახალგაზრდა მოთამაშე 1997 წლის 16 ივლისს დაბადებული ვადიმ იუშიშენი (სიმაღლე: 1,78 / წონა: 65 კგ.) არის, რომელმაც უკანასკნელი სეზონი ოდესის ჩერნომორეცის ასაკობრივ გუნდში გაატარა. იგი ძირითადად შეტევას ნახევარდაცვის ფლანგებიდან აძლიერებს. იმედი მაქვს, ეს ფეხბურთელები საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენასა და საფეხბურთო კარიერის საქართველოში გაგრძელებას მოახერხებენ.”