ზუგდიდი“, რუმინულ „აკადემიკასთან“ დამარცხდა
რიგით მეორე შეხვედრა გამართეს დღეს ზუგდიდელებმა და ანტალიის, „მარდან პალასის“ სტადიონზე, რუმინეთის „აკადემიკას“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა საინტერესო საყურებელი გამოდგა. თამაში სწრაფ ტემპში დაიწყო და მთელი თამაში ასე გაგრძელდა. მსაჯობაზე შეიძლება ყურადღების გამახვილება არც ღირდეს, მაგრამ აშკარად ტენდენციურმა მსაჯობამ შედეგზე იმოქმედა.
ზუგდიდელებმა 12-ე წუთზე შექმნეს პირველი რეალური მომენტი, მაგრამ შოთა ლომიას დარტყმული მცირედით ასცდა კარებს. ამის შემდეგ ლუკა გუგუჩიას დარტყმული კარის ბადეს გარედან მოხვდა. ცოტა ხანში რუმინელთა მეკარემ საკუთარი გუნდი იხსნა, როცა ლევან წურწუმიას ფლანგური გამჭოლი გადაცემა, ირაკლი ქობალიამ უძლიერესი დარტყმით დააგვირგვინა – დარტყმა იმდენად ძლიერი გამოდგა, რომ მეკარეს ბურთი მკერდზე მოხვდა და აყირავდა. ლევან წურწუმიამ ტაიმის შუაწელისკენ კარგი სოლო რეიდი შემოგვთავაზა, როცა ოთხ ფეხბურთელს თავბრუ დაახვია და როდესაც კარის მიმართულებით დარტყმა დააპირა, საჯარიმოს მისადგომებთან მოცელეს. რუმინელებმა პირველ ტაიმში ორჯერ დარტყეს ზუგდიდელთა კარის მიმართულებით და ორივე დარტყმა ილარიომ განახორციელა. მეორე ჯერზე მან უხეშად, რომ ვთქვათ მსაჯის „საჩუქარი“ შეირგო და პენალტი ზუსტად გამოიყენა, თუმცა დეტალების გახილვას არ შევუდგებით.
მეორე ტაიმში ირაკლი ქობალიამ თავის შანსი, ჩინებულად გამოიყენა, როცა ავთო ენდელაძემ ბურთი კარგად გაუყოლა და მანაც მეკარეს, მახვილი კუთხიდან აუღებელი დაურტყა და ანგარიშიც გაათანაბრა. მანამდე კი თავად ენდელაძე გაიყვანა კარგ დასარტყმელ პოზიციაზე ირაკლი ეხვაიამ, თუმცა მცველებმა დაასწრეს. ბოლო წუთებზე ისევ რუმინელი მეკარე აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე და ზუგდიდელებს არ გაატანინა. ზუგდიდელთა ბოლო წუთებზე მოწყობილი მასიური შეტევისას, რუმინელმა მეკარემ ირაკლი ეხვაიას დარტყმული მოიგერია, ხოლო შემდეგენდელაძეს მცველები გადაეღობნენ. ბოლოსკენ კი ისევ ირაკლი ქობალიამ დააქუხა, მაგრამ ბურთმა ზედა ძელს ჩაუქროლა. რუმინელებს ზუგდიდელთა კარში კი მეორე გოლი სტანკომ სტანდარტულიდან გაიტანა, რომელიც მსაჯის საეჭვო საქციელის გამო, ასევე დავის საგანი გახდა. ზუგდიდელთა დამრიგებელმა ბესიკ შეროზიამ კი, საკუთარ ფეხბურთელებს თამაშის ხარისხი და მონდომება მოუწონა.
თურქეთი, ანტალია, სტადიონი „მარდან პალასი“, 5 თებერვალი
ზუგდიდი – აკადემიკა 1:2
გოლები: ოლარიო (პენ.27), ქობალია (56), სტანკო (87)
ზუგდიდი: ბობღიაშვილი, მაჩაიძე, ღონღაძე, აკობია, მეგრელიშვილი, ტყემალაძე, კუტალია, წურწუმია, ლომია, გუგუჩია, ქობალია
შეცვლაზე შევიდნენ: ენდელაძე, პაჭკორია, ეხვაია, რიგვავა, კუკავა
fczugdidi.ge