0-დან 618-მდე: ყველაზე უცნაური ნომრები ფეხბურთის ისტორიაში (მეორე ნაწილი)
ბიქსან ლიზარაზუ , “ბაიერნი” – # 69
“ბაიერნის” მცველმა მიუნხენური კარიერის დიდი ნაწილი 69 ნომრით გაატარა. შემდეგ კი ამ ნომრის აღების მიზეზებზეც ისაუბრა. საქმე იმაში ყოფილა, რომ ლიზარაზუ 1969 წელსაა დაბადებული, მისი სიმაღლე 169 სანტიმეტრია, ხოლო წონა 69 კილო იყო. მეტი არაფერი!
რონალდო, “მილანი” – # 99
პრაქტიკულად მთელი კარიერა რონალდომ ფორვარდისთვის ტრადიციული 9 ნომრით გაატარა, თუმცა “მილანში” გადასვლისას მისი ცხრიანი ინძაგის ეცვა. ბრაზილიელმა კი მაისურზე 9-ანების გაორმაგება გადაწყვიტა და 99 ნომერი აირჩია. ერთ-ერთი ვერსიით რონალდომ მსგავსი არჩევანი ნაყინის საყვარელი სახეობის, “99 Flake”-ის გამო გააკეთა.
ადოლფო ბაუტიშტა, “ჩივასი” – # 100
მექსიკაში სამნიშნა ნომრები ერთ დროს მიღებული პრაქტიკა იყო. 1996 წელს “მონტრეალის” მოთამაშემ, ხესუს არელიანომ, მატჩი 400-ნომრიანი მაისურით ჩაატარა, რაც ქალაქსი 400 წლის იუბილეს დაუკავშირა. თუმცა, ყველაზე ორიგინალური მაინც ადოლფო ბაუტიშტა იყო, რომელიც სტაბილურად თამაშობდა 100 ნომრით. ბაუტიშტა გამორჩეული მაისურზე დატანილი ფრაზითაც იყო, რომლის ავტორიც დედამისი იყო – “ბოფო, ჩემო ანგელოზო”.
ანდრეს ჰერცოგი, ავსტრიის ნაკრები – # 100
ავსტრიის ნაკრებში ჩატარებული მატჩების მხრივ რეკორდსმენი 2002 წლის ნოემბერში ნორვეგიის წინააღმდეგ სათამაშოდ მოედანზე 100-ნომრიანი მაისურით გავიდა. ვენის “რაპიდის” ნახევარმცველისთვის აღნიშნული შეხვედრა მე-100 იყო ნაკრების შემადგენლობაში. მატჩი ამხანაგური იყო და არასტანდარტული ნომრის გამოყენებისას პრობლემა არ შექმნილა.
როჟერიო სენი, “სან-პაულუ” – # 618
მეკარე-რეკორდსმენი, რომელიც თანამედროვე მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა, მოედანზე 3-ნიშნა ნომრითაც გამოსულა. “სან-პაულუს” შემადგენლობაში ჩატარებული 618-ე შეხვედრა მაისურზე გამოსახული ტრადიციული 01-ი 681-ით შეიცვლა. ახლა სენის ანგარიშზე უკვე 1000-ზე მეტი მატჩია…