1 დღე მატჩამდე
ხვალ, თბილისის დროით 17:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, გაიმართება სარაგბო დაპირისპირება, სადაც საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე მორაგბეებით დაკომპლექტებული თბილისის ”კავკასიელები”, იტალიურ ”როვიგო დელტას” უმასპინძლებს. დღეს, ამავე სტადიონზე, გუნდმა ბოლო ვარჯიში ჩაატარა.
შეხვედრას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. პირველ რიგში, ეს არის ქართული საკლუბო რაგბის ევროპული დებიუტი და ქართველ მორაგბეებს, ბრწყინვალე შანსი აქვს რომ ”ჩელენჯ ქაფის” ელიტ-რაუნდში მოხვდნენ, მეტოქე კი ძლიერია და სწორედ ამიტომ, ჩვენს მორაგბეებს გულშემატკივარის დიდი მხარდაჭერა სჭირდება.
ამ თამაშს იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაც გარკვეულ დათმობებზე წავიდა. მატჩი ავჭალის სარაგბო ბაზაზე უნდა გამართულიყო, რომელიც დაახლოებით 2000 კაცზეა გათვლილი, სფფ-მ კი გაითვალისწინა ამ მატჩის მნიშვნელობა და თამაშის გასამართად, ქართულ კლუბს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი დაუთმო.
მწვრთნელებსაც და მორაგბეებსაც გულშემატკივრების დიდი იმედი აქვთ, ისინი თქვენს მხარდაჭერას ელიან. ნუ დაიზარებთ, ერთად დავუჭიროთ მხარი ქართველ მორაგბეებს.