10 ყველაზე სკანდალური ტრანსფერი ტრანსფერი ფეხბურთის ისტორიაში
საფეხბურთო სამყაროში ტრანსფერები ძალიან დიდ როლს თამაშობს. გავლენიანი გამოცემა ESPN ფეხბურთის ისტორიაში ათ ყველაზე სკანდალურ ტრანსფერს გვთავაზობს.
10. ჯონ ობი მიკელი. მანჩესტერ იუნაიტედი – ჩელსი
“ნამდვილად გაუგებარი იყო, თუმცა, იცით, მაშინ ბავშვი ვიყავი,” – აღნიშნავს მიკელი სატრანსფერო საგაზე საუბრისას. 2005 წლის იანვარში, როდესაც “მანჩესტერ იუნაიტედმა” “ლინ ოსლოში” მოთამაშე 19 წლის ობი მიკელთან შეთანხმების მიღწევა გულშემატკივრებს ახარა, ანალოგიური გააკეთა ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელობამაც.
ბუნებრივია, ამ ყოველივემ დიდი გაუგებრობა გამოიწვია, რომელშიც FIFA ჩაერია. საბოლოო ჯამში მიკელს არჩევანის გაკეთების უფლება მიეცა. დუელი “პენსიონერებმა” მოიგეს. ყველაზე საინტერესო კი ის გახლავთ, რომ “ჩელსის” “მანჩესტერ იუნაიტედისთვის” 12 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწია. რა თქმა უნდა, “წითელი ეშმაკუნები” შეთანხმებით კმაყოფილნი დარჩნენ.
9. კარლოს ტევესი. მანჩესტერ იუნაიტედი – მანჩესტერ სიტი
ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც Media Sports Investment-ის აგენტმა კიამ “მანჩესტერ იუნაიტედთან” კარლოს ტევესის საიჯარო ხელშეკრულება შეათანხმა. არგენტინელმა ფეხბურთელმა 2007-09 წლებში თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა და “წითელმა ეშმაკუნებმაც”, როგორც მოსალოდნელი იყო, მისი გამოსყიდვა მოინდომეს.
გაურკვეველი მიზეზების გამო, კომპანიასა და ბრიტანულ გრანდს შორის შეთანხმება ვერ შედგა. ტევესი “მანჩესტერ სიტიში” აღმოჩნდა, რის გამოც “ქალაქელებმა” ქალაქში ირონიის მატარებელი ბილბორდი გამოფინეს – “კეთილი იყოს შენი მობრძნაება მანჩესტერში”. ბილბორდმა სერ ალექს ფერგიუსონის გაღიზიანება გამოიწვია და “მანჩესტერ სიტის” მიმართ ასეთი განცხადებაც მოვისმინეთ – “პატარა კლუბი პატარა მენტალიტეტით”.
8. ჯონ რობერტსონი. ნოტინგემ ფორესტი – დერბი ქაუნთი
ეს გახლდათ ტრანსფერი, რომელმაც ორ ისტორიულ ინგლისურ კლუბს შორის დიდებულ ურთიერთობას წერტილი დაუსვა. 1982 წელს პიტერ ტეილორმა ბრაიან კლაფის “ნოტინგემ ფორესტი” პირდაპირ კონკურენტ “დერბი ქაუნთში” გაცვალა, სადაც მან პირველი ტიტული მოიგო.
საკმარისი ესეც არ აღმოჩნდა და ტეილორმა ერთი წლის შემდეგ ყოფილი კლუბის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, რობერტსონი, გადაიბირა. პრობლემა ის გახლავთ, რომ ამ ტრანსფერის შესახებ კალფისთვის ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს.
კლაფმა ტეილორს ეს ვეღარ აპატია და ასეთი განცხადება გააკეთა – ტეილორის მანქანა გზიდან გადავარდნილიც რომ ვნახო, არ დავეხმარები და გვერდით ჩავუვლი. კლაფმა ყოველივე ეს მხოლოდ მაშინ ინანა, როდესაც ტეილორი 1990 წელს გარდაიცვალა.
7. რობინ ვან პერსი. არსენალი – მანჩესტერ იუნაიტედი
2012 წლისთვის, “არსენალში” ნეგატიური ტენდენცია იგრძნობოდა – “მეთოფეები” ერთმანეთის მიყოლებით ტოვებდნენ კლუბს ტიტულების ძიებაში. გუნდი მტკივნეულად დატოვეს პატრიკ ვიეირამ, ტიერი ანრიმ, სამირ ნასრიმ და ემანუელ ადებაიორმა. თუმცა კლუბისთვის ყველაზე მტკივნეული რობინ ვან პერსის “ღალატი” აღმოჩნდა.
ჰოლანდიელი ვარსკვლავი “მანჩესტერ იუნაიტედში” 24 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადავიდა. ეს ტრანსფერი ძალიან მტკივნეული იყო, რადგანაც პრაქტიკულად იმის მანიშნებელი იყო, რომ ეს “არსენალი” “ოლდ ტრაფორდელების” კონკურენტად აღარ თვლიდა თავს. ვან პერსიმ პირველივე სეზონში შეძლო პრემიერ ლიგის მოგება. სადებიუტო სეზონში მან 38 მატჩში 26 გოლის გატანა შეძლო.
6. ეშლი კოული. არსენალი – ჩელსი
სხვა კლუბის კუთვნილებაში მყოფ ფეხბურთელთან მოლაპარაკებების არაფორმალურად წარმოება ფეხბურთის დაუწერელი კანონის დარღვევაა, თუმცა არიან მწვრთნელები, რომლებთაც ეს საერთოდ არ ადარდებთ.
2005 წლის იანვარში ჟოზე მოურინიო “არსენალის” რიგებში მოთამაშე ეშლი კოულს სასტუმროს რესტორანში შეხვდა. ეს შეხვედრა პრემიერ ლიგის ოფიციალურმა მხარემაც არალეგალურად შერაცხა. მაგრამ ფაქტია, რომ ეშლი კოული “სტემფორდ ბრიჯზე” აღმოჩნდა, რითიც მოგებული სწორედ ჟოზე დარჩა.
5. იოჰან კრუიფი. აიაქსი- ფეიენოორდი
გამბედაობა, სითამამე, სიმამაცე – ეს იმ თვისებები ჩამონათვალია, რაც გულში დაგროვილი ღვარძლისა და განრისხების გამო კლუბის შეცვლისთვისაა საჭირო, თანაც ისე, რომ ტრანსფერმა იმუშავოს.
1983 წელს “აიაქსში” დაბრუნებული კრუიფი თავის მეორე სეზონს ატარებდა, როდესაც ხელმძღვანელობამ ჩათვალა, რომ 36 წლის ფეხბურთელის კარეირა უკვე ბოლო დღეებს ითვლიდა. ამიტომაც მას ახალი კონტრაქტი აღარ შესთავაზეს.
განრისხებულმა იოჰან კრუიფმა მაშინვე მოაწერა უშუალო მეტოქე “ფეიენოორდთან” ხელშეკრულებას ხელი. ახალ კლუბში მან დუბლი მოიგო და წლის საუკეთესო ნიდერლანდერ ფეხბურთელადაც დასახელდა. “მინდოდა “აიაქსის” მიმართ ჩემი განრისხება “ფეიენოორდის” დახმარებით გამომეხატა, მას შემდეგ, რაც სანაგვეში მომისროლეს,” – ვკითხულობთ კრუიფის ავტობიოგრაფიაში.
4. რობერტო ბაჯო. ფიორენტინა – იუვენტუსი
“იუვენტუსი” – “ფიორენტინა” იტალიური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო დაპირისპირება იყო. ამიტომაც, “ფიორენტინას” მიერ ბაჯოს “ბებერი ქალბატონისთვის” რეკორდულ ფასად (8 მილიონი ფუნტი, 1990) მიყიდვას დიდი აჟიოტაჟი მოყვა.
“ვიოლას” ფანებმა ალყა შემოარტყეს კლუბის პრეზიდენტის (ფლავიო პონტელო) ოფისს და იძულებული გახადეს, რომ სტადიონზე დამალულიყო. არეულობა 50-მდე ადამიანის დაშავებით დასრულდა. პოლიციამ ცხრა ფანი დააპატიმრა.
როდესაც გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ბაჯომ პენალტის შესრულებაზე უარი განცხადა – მისი თქმით, “ფიორენტინას” მეკარე ჯანმატეო მას ძალიან კარგად იცნობდა. თუმცა თერთმეტმეტრიანი ლუიჯი დე აგოსტინიმ მაინც ააცილა და “იუვე” 1-0 დამარცხდა.
3. სოლ კემპბელი. ტოტენჰემი – არსენალი
სიტყვის გატეხვა თითქმის ყველა ისტორიაში ფიგურირებდა. 2000-01 წლების სეზონში ყველამ იცოდა, რომ კემპბელს “ტოტენჰემთან” კონტრაქტი ეწურებოდა და სხვა ვარიანტებს განიხილავდა.
თუმცა ცოტა თუ წარმოიდგენდა, რომ “სპურსის” რიგებში გატარებული 12 წლის შემდეგ კემპბელი “ტოტენჰემის” მოსისხლე მტრის ბანაკს შეუერთდებოდა.
2. ლუიშ ფიგუ. ბარსელონა – რეალი
ლუიშ ფიგუს “ბარსელონადან” “რეალში” გადასვლა გაცილებით უფრო მეტი იყო, ვიდრე სკანდალური ტრანსფერი. 2000 წლის “რეალის” საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად ფლორენტინო პერესს სენსაციური ტრანსფერი სჭირდებოდა.
ფლორენტინო პერესმა ფიგუსთან ასეთი პირობა დადო: თუ ის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდებოდა, ფიგუ 1.6 მილიონ ფუნტს მიიღებდა, მაგრამ თუ პერესი მოიგებდა, ფიგუ “რეალში” უნდა გადასულიყო. ამ პირობის დარღვევა პორტუგალიელ ფეხბურთელს 19 მილიონი ფუნტი დაუჯდებოდა.
პერესის გამარჯვების შანსები მცირე იყო, ამიტოამც ფიგუს წინადადება მოეწონა და დათანხმდა კიდეც. თუმცა პერესმა მსოფლიო კიდევ ერთხელ გააოცა, საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო და იმ დროისთვის საუკეთესო ტრანსფერიც განახორციელა. ხოლო რაც ფიგუს “კამპ ნოუზე” დაბრუნების დროს მოხდა, ალბათ, ყველას ძალიან კარგად ახსოვს.
1. მო ჯონსტონი. ნანტი – რეინჯერსი
1989 წლის ზაფხულში ჯონსტონის ორწლიანი იჯარა “ნანტში” დასასრულს უახლოვდებოდა და ყველაფერი “სელტიკში” დაბრუნებით უნდა დასრულებულიყო, სადაც მას უკვე ჰქონდა 100-მდე მატჩი ჩატარებული და 1986 წელს ტიტულიც მოეგო. ჯონსტონმა პრესკონფერენციის ჩატარებაც მოასწრო და ყველაფერი ბუნებრივ დასასრულს მოასწავებდა. თუმცა, “სელტიკს” გეგმები წყალში ჩაეყარა, როდესაც “რეინჯერსმა” ფეხბურთელი 1.5 მილიონ ფუნტად ააცალა მოსისხლე მეტოქეს.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ტრანსფერმა ყველას გაღიზიანება გამოიწვია: “სლეტიკში” ჯონსტონის ღალატს განიცდიდნენ, “რეინჯერსის” ფანები კი უკმაყოფილონი იყვნენ იმით, რომ მო პირველი კათოლიკე მოთამაშე იყო, რომელიც კლუბში ითამშებდა.