12 წელი “ტორპედოს” ისტორიული მატჩიდან
22.05.2002 – ეს დღე ქუთაისელი გულშემატკივრებისთვის დაუვიწყარია, განსაკუთრებით ახსოვთ მათ, ვინც იმდროინდელი გივი კილაძის სახელობის სტადიონიდან ადევნა თვალი საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი საფეხბურთო კლუბების “კლასიკოს”: ქუთაისის „ტორპედოსა“ და თბილისის „დინამოს“ მონაწილეობით. ქომაგებით გადავსებული ტრიბუნების (ოფიციალური მონაცემებით – 27 000 მაყურებლის) წინაშე ქუთათურებმა მე-14 ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტურის გადამწყვეტ მატჩშიმალხაზ ასათიანის მიერ 75-ე წუთზე შესრულებული ზუსტი პენალტის წყალობით დაამარცხეს მეტოქე(1:0) და ზედიზედ მესამედ მოიპოვეს ქვეყნის ჩემპიონობა. ტრიუმფის შემდგომ საზეიმო განწყობა ჩვენს ქალაქში დიდხანს სუფევდა. ცალკე სათქმელია, რომ, ისევე როგორც ამჟამად, იმ „ოქროს“ სეზონშიც „ტორპედოს“ დამრიგებელი რევაზ ძოძუაშვილი იყო, მეკარეების მწვრთნელი კი გელა კიკალეიშვილი.
აი, იმ დიდი გამარჯვების შემოქმედ ტორპედოელთა შემადგენლობაც: ზვიად სტურუა, ლაშა ჭელიძე, ვალერი აბრამიძე, მიხეილ მახვილაძე, სევასტი თოდუა, ვახტანგ ხვადაგიანი, რევაზ ქემოკლიძე, გივი დიდავა(შოთა ბაბუნაშვილი 54), გივი კვარაცხელია(ზვიად ქუთათელაძე 60), მალხაზ ასათიანი, ანდრეი პოროშინი(ზურაბ იონანიძე 54). თადარიგში იყვნენ: ნიკოლოზ ტოგონიძე, დავით გამეზარდაშვილი, რომან ახალკაცი, დავით აკოფიანი.
დღეს, ხსენებული შეხვედრიდან ზუსტად 12 წელი გავიდა, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ქვემოთ ჩვენ მიერ ინტერნეტში მოძიებული ის ვიდეო და ფოტომასალა შემოგთავაზოთ, რომელიც აღნიშნული დღის მეტად სამახსოვრო წუთებს ასახავს.
FCTorpedo.GE