13 წელი – 13 ტიტული: ლამპარდი “ჩელსის” ტოვებს
ფრენკ ლამპარდი “ჩელსიში” გატარებული 13 წლის შემდეგ კლუბს ოფიციალურად ტოვებს. ნახევარმცველს კონტრაქტი ამოეწურა და ლონდონელებმა მისი გახანგრძლივება არ ისურვეს.
ზაფხულში ლამპარდი თავისი ბიოგრაფიის ერთბაშად ორ ფურცელს გადაშლის. “ჩელსიდან” წასვლის შესახებ უკვე ყველამ იცის. სავარაუდოდ მუნდიალის შემდეგ ლამპარდი ნაკრებიდან წასვლის შესახებაც მიიღებ გადაწყვეტილებას, რომლის ღირსებას წლების განმავლობაში წარმატებით იცავდა.
ერთის მხრინ ჟოზე მოურინიოს გადაწყვეტილების გაგება შესაძლებებლია. ფრენკი 36 წლის ხდება, რაც ფეხბბურთელისთვის საუკეთსო ასაკი არ არის. მოურინიო პირველ რიგში შედეგზე ორიენტირებული მწვრთნელია და ის რეზულტატებზეა პასუხისმგებელი. თუმცა ამავე დროს შეგვიძლია პრემიერლიგის ვეტერანების, გიგზის და სქოულზის მაგალითი მოვიყვანოთ. გასაგებია, რომ მათ მუდმივი სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდათ, მაგრამ მათი როლი გუნდის ცხოვრებაში ძალიან დიდი იყო, შესაძლოა გადამწყვეტიც.
თუმცა, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ლამპარდი მომავალ სეზონში სხვა კლუბში იქნება. დიდი ალბათობით, ფრენკი “ჩელსიში” გატარებული 13 წლის შემდეგ კარიერას აშშ-ში, მლს-ის გუნდში გააგრძელებს. ყველაზე მეტად ლიგის ახალწვეული “ნიუ-იორკ სიტი” იჩეს და ლაპრადიც ალბათ სწორედ ამ კლუბის მაისურს მოირგებს.
ლამპარდის პირველი შეხება ამერიკასთან 2001 წელს იყო. თუმცა ეს ამბავი სასიამოვნოდ გასახსენებელი ნამდვილად არ არის. “ჩელსის” ახალგაზრდა ფეხბურთელმა რამდენიმე თანაგუნდელთან ერთად ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში ამერიკელ ტურისტებს შეურაცყოფა მიაყენეს. თუმცა ეს ისტორია უკვე წარსულს ჩაბარდა და ამის გახსენება ამერიკაში ნამდვილად არავის სურს.
ლამპარდმა “ჩელსიში” უდიდესი პროგრესი განიცადა. ფრენკი გუნდის ლიდერად და წამყვანდ მოთამაშედ წლების მანძილზე ყალიბდებოდა. მისგან ნამდვილი ვარსკვლავი სწორედ ჟოზემ შექმნა. “ვესტ ჰემიდან” “ჩელსიში” გადაბარგებული ლამპარდი მოედნის ცენტრში ტიპიური მშრომელი ფეხბურთელი იყო. მოურინიოს მოსვლის შემდეგ კი ფრენკის რეპერტუარი უფრო მრავალფეროვანი გახდა, თუმცა ამასთან ერთად მას არც შავი სამუშაოს შესრულება ეთაკილებოდა.
ლამპარდი საკმაოდ ჭკვიანი ფეხბურთელი იყო როგორც მოედანზე, ასევე მის ფარგლებს გარეთაც, რაც ინგლისელი მოთამაშეებისთვის დამასხასიათებელი ნამდვილად არ არის. ფრენკს მისი თაობის ინგლისელ ფეხბურთელთა შორის IQ-ს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. ალბათ, სწორედ ამის დამსახურებაც იყო ის სწორი გადაწყვეტილები, რომელბიც მას რთულ ვითარებაში მიუღია. მის კარიერაში სკანდალები, კონფლიქტები და უსიამოვნო ინციდენტები თითქმის არ ყოფილა. “სტემფორდ ბრიჯზე” ლამპარდმა 13 მშვიდი წელი გაატარა.
ამ პერიოდში გასახსენებელი მართლაც ბევრია. ფრენკის “არისტოკრატად” ყოფნის პერიოდში ლონდონელებმა 13 ტიტულის მოპოვება მოახერხეს. საერთო ჯამში ლამპარდმა 648 მატჩი ჩაატარა და 211 გოლის გატანა მოახერხა.
ფრენკი გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებული ფეხბურთელი არ ყოფილა. მან საკუთარი თავი თავად, ხასიათის, ბრძოლისუნარიანობის და შრომისმოყვარეობის ხარჯზე შექმნა.