13-წლამდე რეგიონთა თასის გამარჯვებული გუნდი ბერლინშია
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით ჩატარებული ტურნირის 13-წლამდე რეგიონთა თასის გამარჯვებული თბილისის გუნდი ბერლინში იმყოფება. რეგიონთა თასის გამარჯვებულები ბერლინში გერმანელ თანატოლებს შეხვდებიან და ამხანაგურ მატჩებში გამოცდიან საკუთარ ძალებს.
ვიზიტის ფარგლებში, თბილისის გუნდი საფეხბურთო კლუბ “ჰერტას” აკადემიას დაათვალიერებს და ბუნდესლიგის მატჩს, “ჰერტა” – “ჰოფენჰეიმს” დაესწრება. დაგეგმილია ერთობლივი ვარჯიში “ჰერტას” ბავშვთა აკადემიის ფეხბურთელებთან ერთად. 2 აპრილს საფეხბურთო კლუბ “მაგდებურგის” მიწვევით ახალგაზრდა ფეხბურთელები “მაგდებურგის” აკადემიას ესტუმრებიან და თანატოლებთან ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ.
13 წლამდელთა „რეგიონთა თასი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2016 წელს, ფიფას მხარდაჭერით, პირველად ჩაატარა და მასში მთელი ქვეყნის მასშტაბით ბავშვთა 16 რეგიონული საფეხბურთო ნაკრები მონაწილეობდა. ახალგაზრდა ფეხბურთელებთან შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე 20 მწვრთნელი მუშაობდა, რომელთაც გადამზადების კურსები , საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოწვევით, ფიფას მწვრთნელთა ინსტრუქტორმა – კიმ პაულსენმა ჩაუტარა.
პროექტი, რომლის მიზანი მთელი ქვეყნის მასშტაბით ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენაა, 2017 წელსაც გაგრძელდება.
Gff.Ge