14-წლამდე რეგიონთა თასის გამარჯვებული თბილისის ნაკრები გახდა14-წლამდე რეგიონთა თასის გამარჯვებული თბილისის ნაკრები გახდა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურმა ცენტრმა ლაგოდეხში 14-წლამდე რეგიონთა თასის გათამაშების ფინალს უმასპინძლა. ტურნირის ჩემპიონის გამოსავლენად ერთმანეთს სამეგრელოსა და თბილისის 2003 წლამდე დაბადებული ფეხბურთელებით დაკომპლექტებული რეგიონული ნაკრებები დაუპირისპირდნენ. დაძაბულ ბრძოლაში თბილისელებმა მეგრელები ანგარიშით 3:1 დაამარცხეს და „რეგიონთა თასის“ 2017 წლის გამარჯვებულის ტიტულიც მოიპოვეს. მესამე და მეოთხე ადგილებზე, შესაბამისად აფხაზეთისა და იმერეთის რეგიონული ნაკრებები გავიდნენ.
„რეგიონთა თასი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებითა და ფიფას მხარდაჭერით, უკვე მეორე წელია ხორციელდება და მისი მთავარი მიზანი ახალგაზრდა ფეხბურთელთა სელექციისთვის მნიშვნელოვანი და საჭირო პლატფორმის შექმნაა. წელს 14-წლამდე გათამაშებაში ქვეყნის 13 რეგიონული ნაკრები მონაწილეობდა.
ფინალური დაპირსპირების შემდეგ გამარჯვებული გუნდი, ფინალისტი და 3-4 ადგილის მფლობელი გუნდები, ასევე გამორჩეული ფეხბურთელები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა და ვეტერანმა ფეხბურთელებმა დააჯილდოვეს.
„გილოცავთ, გათამაშების წარმატების დასრულებას და თითოეულ თქვენგანს ვუსურვებ წარმატებას. ეს პროექტი სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ თქვენნაირ ადამიანებს, მონდომებულ ფეხბურთელებს ჰქონდეთ საშუალება გამოავლინონ და განავითარონ საკუთარი ნიჭი. ჩვენთვის, ფეხბურთის ფედერაციისათვის კი იმის გარანტია, რომ არცერთი ნიჭიერი ბავშვი არ დარჩება შეუმჩნეველი,“-განაცხადა კახა ჭუმბურიძემ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა.
Gff.Ge