14-წლამდელთა ეროვნული სარაგბო ტურნირი – ფინალები!
გუშინ და დღეს შევარდენის სანაკრებო ბაზაზე გაიმართა საქართველოს რაგბის კავშირისა და რადისონ ბლუ საქართველოს ერთობლივი ეროვნულის სარაგბო ტურნირი 14-წლამდელთა შორის.
ტურნირში საქართველოს ყველა რეგიონის 16 გუნდმა (საფესტივალო უმაღლესი ასაკი: 2000-2001 წწ. დაბადებული მორაგბეები) მიიღო მონაწილეობა.
რადისონ ბლუს მხარდაჭერით
წლევანდელი ტურნირი ‘რადისონ ბლუ საქართველოს’ მხარდაჭერით იმართება. ტურნირის მიზანია, საქართველოს ყველა რეგიონის გამორჩეული საბავშვო გუნდების ერთად შეკრება და დედაქალაქში ბავშვთა 2 დღიანი სარაგბო ზეიმის მოწყობა.
მსგავსი ღონისძიების ჩატარების გამოცდილება სრკ.-ს უკვე გააჩნია. 2008 წლის ნოემბერში, მთავრობის მხარდაჭერით, მოხერხდა პირველი და ჯერ-ჯერობით ერთადერთი ეროვნული საბავშვო ტურნირი მოწყობა. მასში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული U-12 და U-14 ასაკობრივი კატეგორიის 20-მდე გუნდი მონაწილეობდა.
„ჩვენ ვსარგებლობთ ნებისმიერ შანსით, წვლილი შევიტანოთ იმ ქვეყნის საზოგადოების განვითარებაში, სადაც სასტუმროებს ვამუშავებთ. რაგბი საქართველოში გუნდურ სპორტებს შორის ყველაზე წარმატებული სახეობაა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ ქვეყნის ლიდერი სასტუმროების ქსელის სახელი ყველაზე წარმატებულ სპორტთან დაგვეკავშირებინა. ეს ფესტივალი გვაძლევს უნიკალურ შანსს, წვლილი შევიტანოთ ქართული რაგბის სამომავლო განვითარებაში. „რადისონ ბლუ“, საქართველოსა და საქართველოს რაგბის კავშირის პარტნიორობა 2014 წლის ივნისში გაფორმდა და გპირდებით, რომ ამ თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენ კიდევ არა ერთ საინტერესო პროექტს შემოგთავაზებთ“,- განაცხადა ქეთო გიორგობიანმა, „რადისონ ბლუ“, საქართველოს პიარისა და მარკეტინგის მენეჯერმა.
თბილისურ-ქუთაისური ფინალი
14 წლამდელთა ეროვნული ტურნირის ფინალი 15:00 საათზე გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ქუთაისის ‘ბაგრატი’ და თბილისის ‘ლელო სარასენსი’ შეხვდნენ. ორივე ტაიმი ულელოვოდ დასრულდა რის გამოც დაინიშნა არეკნების სერია. ამ კომპონენტში კი, მეტოქეს ლელოელებმა აჯობეს და ტურნირის ჩემპიონები გახდნენ. მე-3 ადგილი ჩოხოსნებმა დაიკავეს.
მონაწილე გუნდები :
აია (ქუთაისი), აკადემია (თბილისი), არმაზი (თბილისი), ბაგრატი(ქუთაისი), დინოზავრი (წყალტუბო), იმერეთი ( ჭიათურა), კოლხი ლეგიონი (ხაშური), ლელო (თბილისი),მერანი (თბილისი), მუტრუკები(თელავი), რაინდები (ფოთი), ქობულეთი, ხარები (რუსთავი), ხულიგანა (თბილისი), ჩოხატაური, ჩოხოსნები (თბილისი).
Rugby.GE