14-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ლიგის მოსკოვური ეტაპი ლატვიური “რიგის” განადგურებით დაასრულა
საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდული საკალათბურთო ლიგის მეორე, მოსკოვური ეტაპი წარმატებით დაასრულა. ჩვენმა ნაკრებმა დღეს მეორე ეტაპის ბოლო, მე-5 შეხვედრა გამართეს და ლატვიური „რიგა“ 72:39 გაანადგურეს.
შესაბამისად, საქართველოს ნაკრებმა მოსკოვური ეტაპი 4 მოგებითა და 1 მარცხით დაასრულა. ამას ემატება პირველ ეტაპზე – 20-23 ნოემბერს ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ნაჩვენები შედეგი (2 მოგება, 3 წაგება) და გაერთიანებული ცხრილით, რომელიც დღეს, ყველა მატჩის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება, ქართველები საკმაოდ ხელსაყრელ პოზიციაზე იქნებიან.
მთლიანობაში 3 ეტაპი უნდა გაიმართოს, საიდანაც 2-ში, როგორც მოგახსენეთ, ქართველებმა უკვე მიიღეს მონაწილეობა და მთლიანობაში გამართული 10 მატჩიდან 6 მოიგეს. დარჩენილია 1 ეტაპი, რომელიც 26-29 მარტს ლატვიის ქალაქ ვენტსპილსში უნდა გაიმართოს. 3 ეტაპის გამაერთიანებელი ცხრილით საუკეთესო გუნდები ფინალურ ეტაპზე გავლენ და საქართველოს ნაკრებს ამის კარგი შანსი აქვს.
რაც შეეხება დღეს გამართულ მატჩს, ნოდარ ქორქიასა და ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა რიგელებს დამაჯერებლად მოუგო. მწვრთნელებმა ყველა კალათბურთელი ათამაშეს, რომელთაგან 14 ქულით მიშა ზურაბაშვილი გამოირჩა. 12 ქულა დააგროვა ირაკლი სულხანიშვილმა, 11 – ლაშა მიქელაძემ.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრას მსაჯობდა ქართველი არბიტრი გია მოლოდინაშვილი, რომელიც წლებია, რუსეთში ცხოვრობს და საკმაოდ მაღალი რეპუტაციის მსაჯია.
gbf.ge