16 ივნისს, თბილისში მასობრივი ოლიმპიური გარბენი და ქართველი ოლიმპიელების გაცილება მოეწყობა
16 ივნისს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით ტარდება ორი მნიშვნელოვანი ღონისძიება – ოლიმპიური დღე და საქართველოს სპორტსმენთა გაცილების ცერემონიალი მეორე ევროპულ თამაშებზე.
16 ივნისს, 10:30 საათზე საერთაშორისო ოლიმპიური დღის კვირეულის ფარგლებში, ოლიმპიურ პარკში (ახალი თბილისი, ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორია) საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი აწყობს მასობრივ ოლიმპიურ გარბენს , რომელიც ღიაა ნებისმიერი მსურველისთვის. სხვებთან ერთად, გარბენში სტარტს აიღებენ ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები და პრიზიორები, სხვა ცნობილი სპორტსმენები.
გარბენის თითოეულ მონაწილეს გადაეცემა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სერტიფიკატი და სპეციალური მაისური. გამარჯვებულები გამოვლინდებიან ორ კატეგორიაში და დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებით.
⭕ 09:00- 10:00 – რეგისტრაცია
⭕ 10:30 – გარბენის დასაწყისი
ასევე, 16 ივნისს, 12 საათზე ოლიმპიურ პარკში გაიმართება საქართველოს სპორტსმენთა გაცილების ცერემონიალი მეორე ევროპულ თამაშებზე.
მეორე ევროპულ თამაშებს ბელარუსის დედაქალაქი მინსკი 21-30 ივნისს უმასპინძლებს და მასში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში 61 სპორტსმენი იასპარეზებს.