ტაბიძე “ლივერპულისთვის” ემზადება
საფეხბურთო კლუბი “საბურთალო” რამდენიმე ევროპის წამყვან კლუბებთან თანამშრომლობს, აღნიშნულ გეზს ჩვენი კლუბი მომავალშიც გააგრძელებს. სწორედ, ამ ურთიერთ თანამშრომლობის შედეგია ის, რომ “საბურთალოს” ფეხბურთელი ჯემალ ტაბიძე კლუბის სპორტულ დირექტორ გიორგი ჭიაბრიშვილთან ერთად ა/წ 16 მარტს “ლივერპულში” სტაჟირებაზე მიემგზავრება. ჩვენს კლუბში შეტყობინება უკვე ოფიციალურად მოვიდა და ტაბიძეს სახელოვან გუნდში დაახლოებით 10 დღის განმავლობაში დააკვირდებიან.
ბრიტანელებს ჩვენი ფეხბურთელის კარგი თამაში თვალში მას შემდეგ მოხვდათ, როდესაც “სალერის თასი” 2013-ის გათამაშება გაიმართა. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს “ბენდელაზე” ოთხთა ტურნირი შედგა, სადაც “საბურთალოსთან” ერთად, მადრიდის “ატლეტიკო”, ისრაელის “მაკაბი” და უკრაინის “დნიპრო” მონაწილეობდნენ. აღნიშნულ თამაშებს თვალს ევროპის რამდენიმე სკაუტი ადევნებდა, რომელთა შორის “ლივერპულის” წარმომადგენელი დევიდ ვიზკაინოც იყო. ცნობისათვის გეტყვით იმასაც, რომ “სალერის თასი” 2013-ის საუკეთესო მცველად სწორედ ჯემალ ტაბიძე დასახელდა.
ტაბიძე სისტემატურად ხვდებოდა 17-წლამდელთა ნაკრებში, ახლა კი 19-წლამდელთა შემადგენლობაში ირიცხება. ამპლუით მარცხენა მცველი 1996 წლის 18 მარტსაა დაბადებული.
fcsaburtalo.ge