17-წლამდელები ევროშესარჩევს იწყებენ – ვარჯიშები, ტურნირის გრაფიკი…
17 ოქტომბრიდან, საქართველო უეფას 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს მასპინძლობს. საქართველოს 17-წლამდე ნაკრები მე-11 ჯგუფში იასპარეზებს და მისი მეტოქეები ჰოლანდიის, ფარერებისა და სან მარინოს 17-წლამდე ნაკრები გუნდები იქნებიან.
ტურნირის ფორმატის თანახმად, შესარჩევის ქვეჯგუფებიდან ელიტრაუნდში ორ-ორი საუკეთესო გადავა. 17-წლამდე ასაკში, საქართველო უკვე მეორედაა ამ შესარჩევი ეტაპის მასპინძელი. ელიტრაუნდი კი, ჯერ მხოლოდ ერთხელ ჩავატარეთ.
საქართველოს ნაკრებმა დასკვნითი საწვრთნელი შეკრება ზუგდიდში, „ბაიას“ ბაზაზე გაიარა. ნოდარ აკობია და მისი გუნდი თბილისში დღეს საღამოს დაბრუნდება და სასტუმრო „ბატესტაში“ დაბინავდება. ჩვენი სტუმარი სამივე გუნდი კი, სასტუმრო „Holiday Inn“ – ში იცხოვრებს.
თბილისს ყველაზე ადრე ფარერების კუნძულების 17-წლამდე ნაკრები ეწვია. კუნძულელები 14 ოქტომბერს ჩამოვიდნენ. უკვე თბილისშია ჰოლანდიის ნაკრებიც. სან მარინოელები კი, დღეს, გვიან ღამით ჩამოვლენ.
ხვალინდელი, 16 ოქტომბრის სავარჯიშო გრაფიკი კი, ასეთია:
16 ოქტომბერი
10:30 წუთი – ჰოლანდიის 17-წლამდე ნაკრები მატჩისწინა ვარჯიშს „დინამო არენაზე“ გამართავს
12:00 საათი – საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ოფიციალურ ვარჯიშს „მიხეილ მესხის“ სტადიონზე ჩაატარებს. ვარჯიში მედიისთვის საწყისი 15 წუთი გაიღება.
15:00 საათი – ფარერების 17-წლამდე ნაკრები საფეხბურთო სკოლა „ოლიმპიკის“ მოედანზე ივარჯიშებს.
16:30 წუთი – სან მარინოს 17-წლამდე ნაკრების ვარჯიში საგურამოში.
რაც შეეხება ტურნირისწინა ოფიციალურ პრესკონფერენციას, მედიის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ ოთხივე გუნდის მთავარ მწვრთნელს 16 ოქტომბერს, საღამოს 19:15 წუთიდან სასტუმრო „Holiday Inn“ – ის საკონფერენციო დარბაზში შეხვდნენ. აქვე გაიცემა ტურნირზე დასასწრები აკრედიტაციებიც.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები თავის პირველ შეხვედრას 17 ოქტომბერს, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე, სან მარინოს წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 16:00 საათზე დაიწყება. მანამდე კი, 14:00 საათზე, „დინამო არენაზე“ ერთმანეთს ჰოლანდიისა და ფარერების ნაკრები გუნდები შეხვდებიან.
სფფ-ის პრესსამსახური