17-წლამდელები პენალტების სერიაში დამარცხდნენ
საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა, მინსკის საერთაშორისო ტურნირის მეოთხედფინალური მატჩი ლიტვასთან, პენალტების სერიაში დათმო.
მატჩი მეტნაკლებად თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. პირველი რეალური ხიფათი მეტოქის კართან, ნოდარ აკობიას ფეხბურთელებმა, დაახლოებით 25-ე წუთზე შექმნეს და ლიტველთა მეკარემ ახლო მანძილიდან თავით დარტყმული მოიგერია. ჩვენმა ფეხბურთელებმა რამდენჯერმე შორიდანაც სცადეს მეტოქის კარის აღება, თუმცა მიზანი ვერა და ვერ გაისწორეს. ტაიმის მიწურულს, ძალზე რეალური მომენტი ჰქონდა გიორგი ჯობავას, რომელიც მეკარესთან ერთი-ერთზე დარჩა. ბოლო წუთებზე, საქართველოს ნაკრებმა მცირე შტურმისმაგვარიც მოაწყო, მაგრამ ხან არაზუსტად ურტყამდნენ და ხანაც მეკარე იგერიებდა.
მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმში ჩვენი შეტევები უფრო მწვავე გახდა, გოლის გატანა მაინც ვერ შევძელით. ლიტვის ნაკრები თითქმის მთელი გუნდით იცავდა თავს. ბოლო წუთზე ჩამოწოდებული კუთხურის შემდეგ კი, ბურთი ძელსაც მოვარტყით.
ტურნირის რეგლამენტის თანახმად, ძირითადი დროის ფრედ დასრულების შემდეგ, პირდაპირ თერთმეტმეტრიანი დარტყმები დაინიშნა, რომელიც უკეთ ლიტველებმა შეასრულეს და საბოლოოდ, 4:5 დავმარცხდით.
ეს კი, იმას ნიშნავს, რომ საპრიზო ადგილებისთვის ვეღარ ვიბრძოლებთ და 25 იანვარს, მხოლოდ მე-5 ადგილისთვის ვითამაშებთ.
საქართველო U17 vs ლიტვა U17 0:0
საქართველოU17: გოშაძე, ქობულაძე, კაციტაძე, კევლიშვილი, ნადარაია, კომახიძე, მამუჩაშვილი, კიკნაძე, გოშთელიანი, მიქელთაძე, ჯობავა
შეცვლაზე შევიდნენ: ლაშხია, ლებანიძე, კამლაძე
სფფ-ის პრესსამსახური