18 წლამდელებმა ირლანდიას სძლიეს
მონტობანში დასრულდა 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტ დივიზიონის პირველი რაუნდის (ნახევარფინალი) მატჩი, რომელშიც უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 18-წლამდე ირლანდიის ნაკრები დაამარცხეს. მატჩის ძირითადი დრო 8:8 (3:8) დასრულდა. ამის შემდეგ თითოეულ გუნდს რიგრიგობით 5-5 ჯარიმის შესრულება დაევალა.
პირველი ჯარიმა შოთა არეშიძემ გაიტანა, რასაც ირლანდიელებმაც გატანილით უპასუხეს (1:1). შემდეგ მირიან მოდებაძემ იზუსტა, ირლანდიელმა დამრტყმელმა კი ააცილა (2:1). მესამე და როგორც მოგვიანებით გაირკვა, გადამწყვეტი ჯარიმა დავით მოძღვრიშვილმა ზუსტად შეასრულა და მთელი სტადიონი ირლანდიელი მოთამაშის ჯარიმის მოლოდინში გაისუსა. ამ უკანასკნელმა დაარტყა, ვერ გაიტანა, რითაც პირველად ქართული რაგბის ისტორიაში ირლანდიის ასაკობრივ ნაკრებს ვძლიეთ და ელიტ რაუნდის ნახევარფინალში გავედით!
შემდეგ ტურში 18-წლამდელები კარგად ნაცნობ მეტოქეს, იტალიის ნაკრებს 31 მარტს ერკინებიან. ამ უკანასკნელმა დღეს მოულოდნელად უელსს 14:13 სძლია.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალგაზრდა ბორჯღალოსნების გამარჯვებას!
რაგბი ჩვენი თამაშია
Rugby.GE