19-წლამდელები: ბოლო ვარჯიში თბილისში, შეკრება გერმანიაში
დღეს, საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ ბოლო ვარჯიში ჩაატარა. ვასილ მაისურაძის გუნდი გამთენიას გერმანიაში მიემგზავრება, სადაც ელიტრაუნდისწინა დასკვნით შეკრებას გაივლის.
ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელთა სია ასეთია:
მეკარეები: ოთო გოშაძე, ბექა ქურდაძე (ორივე „საბურთალო“);
მცველები: ნიკა ჭანტურია, გიორგი გაბაძე (ორივე „ლოკომოტივი“ თბილისი), ალექსანდრე გურეშიძე, ოთარ კაკაბაძე (ორივე „დინამო“ თბილისი), გიორგი თევზაძე, ჯემალ ტაბიძე (ორივე „საბურთალო“), გიორგი გაფრინდაშვილი („დილა“, გორი);
ნახევარმცველები: ლევან შენგელია, გიორგი ბერიძე (ორივე „დილა 2“, გორი), გიორგი გოროზია, გიორგი აბურჯანია, ლუკა კიკაბიძე (ყველა „ლოკომოტივი“ თბილისი), მათე ცინცაძე, გიორგი პაპუნაშვილი, არჩილ მესხი (ყველა „დინამო“ თბილისი);
თავდამსხმელები: ლუკა ზარანდია („ლოკომოტივი“ თბილისი), ალექსანდრე შერაზადაშვილი („ალკორკონი“, ესპანეთი), დათო დარციმელია („სევასტოპოლი“, უკრაინა)
ნაკრების ახალწვეული – ალექსანდრე შერაზადაშვილი გუნდს გერმანიაში შეუერთდება. 22 მაისს, პირდაპირ შვეიცარიაში ჩავლენ ნაკრების ლიდერები – მათე ცინცაძე და გიორგი პაპუნაშვილი, რადგან მათ 21 მაისს, „დინამოს“ შემადგენლობაში საქართველოს თასის ფინალი უნდა ითამაშონ.
ვასილ მაისურაძის გუნდი გერმანიის საკურორტო ქალაქ გარმიშპატერკირხენში იცხოვრებს და იქ მოემზადება. 18 მაისს, ჩვენს გუნდს ამხანაგური შეხვედრა ექნება მიუნხენის „ბაიერნის“ 19-წლამდელთა გუნდთან. ელიტრაუნდამდე მეტი ამხანაგური მატჩი აღარ იქნება. ნაკრები შვეიცარიაში 22 მაისს გაემგზავრება.
სფფ-ის პრესსამსახური