19-წლამდელები ელიტრაუნდში გავიდნენ
საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა დღეს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ელიტრაუდის საგზური მოიპოვეს. თბილისური ეტაპის გადამწყვეტ შეხვედრაში დევდარიანის შეგირდებმა რუმინეთს 3:1 მოუგეს და ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდნენ. პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში მონტენეგრომ კვიპროსს 6:3 სძლია და პირველობა არავის დაუთმო.
საქრთველოს ნაკრებისთვის დღევანდელი მატჩი საკმაოდ ცუდად დაიწყო. პირველივე წუთზე რუმინელები გეორგ პუშკაშის გოლით წინ გავიდნენ. თუმცა, მასპინძლები არ დაიბნენ და ჯერ მე-9, შემდეგ კი მე-13 წუთზე გატანილი გოლებით მალევე დაწინაურდნენ. ორივე გოლი საკმაოდ ეფექტური გამოვიდა, მათი ავტორი კი ოთარ ქიტეიშვილი გახდა.
გატანილი გოლების შემდეგ დევდარიანის შეგირდები არ გაჩერებულან და სტადიონზე შეკრებილ გულშემატკივარს საკმაოდ ლამაზი ფეხბურთით ანებივრებდნენ. მასპინძლებმა საკმაოდ ბევრი სახიფათო მომენტი შემქნეს, მაგრამ შესვენებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა.
მეორე ნახევრის დებიუტში საქართველომ კიდევ ერთხელ გაიტანა. გოლის ავტორი ზურაბ მალანია გახდა და მატჩის შედეგთან დაკავშირებით ფაქტობრივად ყველა კითხვას გასცა პასუხი. ქართველებს მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება აღარ გასჭირვებიათ, ბოლოს კი შემდეგ ეტაპზე გასვლაც გულშემატკივრებთან ერთად იზეიმეს.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელ შეხვედრაში მსაჯობის დონე უკეთესის სურვილს ტოვებდა. მატჩის მთავარ არბიტრს ორჯერ შეეძლო სტუმართა კარში 11-მეტრიანის დანიშვნა, თუმცა ორივე შემთხვევაში მასპინძელთა ფეხბურთელის გაფრთხილება გადაწყვიტა. სამწუხაროდ, მეორე შემთხვევაში ეს ლუკა ზარანდია აღმოჩნდა, რომელიც ყვითელი ბარათის გამო ელიტრაუნდის პირველ შეხვედრას გამოტოვებს…
საქართველო U19 3-1 რუმინეთი U19
გოლები: პუშკაში 1′ (0:1); ქიტეიშვილი 9′ ; 13′ (2:1); მალანია 48′ (3:1)
საქართველო: გოშაძე, მარგველაშვილი, მალანია, ხარაიშვილი (მესხი 74′); ქიტეიშვილი, მოხევიშვილი, ჭანტურია (კერძევაძე 74′); ზარანდია, შულაია, ჩაბრაძე, ბერიძე (არაბიძე 65′)
რუმინეთი: ნეგრილა, მანეა, გერგე, კრიშანი (რადულესკუ 72′), ჰალმაგე, ოლტეანუ, კარუცა (იონასკუ 38′), პუშკაში, ტუდორიე (აკარი 65′), ბალაურე, ივანი.