19-წლამდელთა ოთხთა ტურნირი: მთავარი მწვრთნელების პრესკონფერენცია
ხვალ საქართველოს, ესპანეთის, საფრანგეთისა და ჰოლანდიის 19-წლამდე ნაკრებებს შორის საერთაშორისო ტურნირი აიღებს სტარტს. ოთხთა ტურნირი, რომელსაც საქართველო მასპინძლობს, 2017 წლის ზაფხულში ჩვენს ქვეყანაში დაგეგმილი ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის მოსამზადებელ ეტაპად მოიაზრება. დღეს სასტუმრო “ჰუალინგში” გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
გიორგი ყიფიანი (საქართველოს 19-წლამდე ნაკრების თავკაცი): “ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია, რომელიც 2017 წელს გასამარი ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი ეტაპია. ტურნირი საინტერესოა როგორც საფეხბურთო სამყაროსთვის და თავად ფეხბურთელებისთვის, ასევე ზოგადად ქვეყნისთვის. დავინახავთ, რა მდგომარეობაშია ჩვენი გუნდი და რა იქნება გამოსასწორებელი. შეკრება, სამწუხაროდ, არასასიამოვნოდ დაიწყო, ვინაიდან რამდენიმე ფეხბურთელი დაშავდა. ტრავმირებული მოთამაშეები ძირითადად დაცვის ხაზის ფეხბურთელები არიან, რამაც გარკვეული პრობლემები შექმნა. შესაძლოა, მათი ადგილი ნახევარმცველებმა დაიკავონ. გუნდში არსებული განწყობითა და ფეხბურთელთა მომზადებით კმაყოფილი ვარ, დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს”.
ლუის დე ლა ფუენტე (ესპანეთის 19-წლამდე ნაკრების თავკაცი): “ჩემთვის დიდი პატივია საქართველოში კიდევ ერთხელ ჩამოსვლა. ჩვენ აქ შარშან ვითამაშეთ და შემდეგ ევროპის ჩემპიონატი მოვიგეთ. ასე რომ, აქაურობა კარგად გვაქვს დაცდილი. ჩვენთვის ეს ტურნირი მნიშვნელოვანია, რადგან ელიტ-რაუნდისთვის ვემზადებით. სრულიად ახალი გუნდი გვყავს, ახალი თაობა წამოვიდა, ისინი საკლუბო დონეზე თავს კარგად წარმოაჩენენ. საერთოდ, გუნდისთვის ფეხბურთელებს 25-28 კაციდან ვარჩევ ხოლმე. 5-6 მოთამაშე დარჩა ძირითად განაცხადს მიღმა. ვინც გუნდში მოხვდა, ჩემს მოთხოვნებს ყველა პასუხობს. 16-წლამდე გუნდიდან მოყოლებული ესპანეთის ყველა ნაკრები ერთი სტილით თამაშს განაგრძობს. ჩვენ ვეძებთ ფეხბურთელებს, რომლებიც ამ სტილს მოერგებიან. განსხვავება მხოლოდ ასაკშია და ამ მხრივ, შესაძლოა, გარკვეული სხვაობები შეინიშნებოდეს. ახლა ნაკრებში ისეთი მოთამაშეები არ გვყავს, რომლებიც ბრწყინავენ, მაგრამ გუნდში არიან გამოკვეთილი ფეხბურთელებიც, რომლებსაც ესპანური ფეხბურთის ელიტაში მოხვედრა შეუძლიათ. ისინი კარგ ფორმაში არიან”.
მაარტენ სტეკელენბურგი (ჰოლანდიის 19-წლამდე ნაკრების თავკაცი): “პირველ რიგში, მადლობას ვუხდი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ტურნირის მასპინძლობისთვის. ოქტომბერში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები ჩავატარეთ. ჩვენი მეტოქეები ნორვეგიის, სან მარინოსა და რუმინეთის ნაკრებები იყვნენ. მოხარულნი ვართ, რომ ამ ტურნირზე უმაღლესი დონის გუნდები არიან მოწვეულნი. ეს მარტში გასამართი ელიტ-რაუნდისთვის მოსამზადებელი ეტაპი იქნება. კმაყოფილი ვარ ტურნირზე ჩამოყვანილი გუნდით. ნაკრებში ტრავმები ყოველთვის ხდება, ამას ვერ გავექცევით. 21 ფეხბურთელი ვიახლე, აქედან სამი მეკარე, 18 კი მოედნის მოთამაშეა. გუნდში კარგი განწყობაა და მოუთმენლად ველოდებით ამ გამოწვევას. გუნდში პატრიკ კლუივერტის შვილიც მყავს. ჯასტინ კლუივერტი გამორჩეული ფეხბურთელია. იგი 17 წლისაა და პირველად მოხვდა ჩვენს ნაკრებში. ჩვენც მოხარულნი ვართ, რომ მასთან გვიწევს მუშაობა. მას ეტყობა, რომ პატრიკის შვილია. ჯასტინი მამამისს გვაგონებს. იგი ამსტერდამის “აიაქსში” ირიცხება და გვაინტერესებს, ნაკრებში როგორ წარმოაჩენს თავს”.
ჟან-კლოდ ჟიუნტინი (საფრანგეთის 19-წლამდე ნაკრების თავკაცი): “საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ამ ტურნირის ორგანიზებისთვის მადლობას ვუხდი. ეს კარგი შესაძლებლობაა, რომ მომდევნო მატჩებისთვის მოვემზადოთ, ახალგაზრდა ფეხბურთელებმა გამოცდილება შეიძინონ. ტურნირი კარგად ორგანიზებულია, მოედნები კარგ მდგომარეობაშია. ჩეხეთში ჩატარებული საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ გვინდა, რომ შანსი ახალ ფეხბურთელებს მივცეთ. ოცი მოთამაშით ჩამოვედით. ტრავმებს ვერც ჩვენ ავცდით, მაგრამ გუნდში დინამიურად მოთამაშე ფეხბურთელები გვყავს. ისინი კლუბებში თამაშობენ და არ გვინდა, რომ დაშავდნენ, თუმცა ამ ტურნირზე ყველა მათგანის გამოყენება საინტერესო იქნება. რაც შეეხება ლუკა ზიდანს, ის გუნდის რიგითი წევრია. სამი წელია აქ თამაშობს და როგორც ჩვეულებრივ ფეხბურთელს, ისე ვუყურებთ”.
ოთხთა ტურნირის პირველი შეხვედრა ხვალ, 12:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე დაიწყება, სადაც ერთმანეთს ჰოლანდიელები და ფრანგები დაუპირისპირდებიან. 15:00 საათზე “მიხეილ მესხზე” ერთმანეთის წინაშე ქართველი და ესპანელი ფეხბურთელები წარსდგებიან. მატჩებზე დასწრება თავისუფალია.