“ზესტაფონი”-“დინამო”. მორიგი მატჩის წინ
შაბათს, 23 აგვისტოს, საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრაში საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მიმდინარე პირველობის ერთპიროვნულ ლიდერს უმასპინძლებს. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე მარგველთა და თბილისის დინამოელთა რიგით ოცდამეთოთხმეტე საჩემპიონატო დაპირისპირება გაიმართება.
დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ხანაში ყველაზე მეტი ტიტულის შემგროვებელ დინამოელებთან ქალაქ ზესტაფონის წარმომადგენელი კლუბების დაპირისპირებათა ისტორია ათვლას რიგით მეორე ეროვნული ჩემპიონატიდან მოყოლებული იწყებს… 1991-2003 წლებში გამართულ მატჩებში ”მარგვეთმა” და ”მეტალურგმა” ვერ ახერხებდნენ თბილისელთათვის დიდი წინააღმდეგობის გაწევას, თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ დინამოელთა ულაპარაკო დომინირების ხანაშიც კი ზესტაფონის “მარგვეთმა” თბილისელები ორ შეხვედრაში მაინც დაამარცხა…
რაც შეეხება დინამოელებთან საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ურთიერთობათა ისტორიას – სადღეისოდ ეროვნულ ჩემპიონატში გუნდებმა ერთმანეთში 33 შეხვედრა გამართეს. ამ მატჩებში 18-ჯერ გაიმარჯვეს თბილისელებმა, 6 დასრულდა ფრედ, 9 კი მოიგეს ზესტაფონელებმა. გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობაშიც თბილისელი ფეხბურთელები ფლობენ უპირატესობას – 48:31.
საკმაოდ ხშირი გახლდათ თბილისურ-ზესტაფონური “დუელები” დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებაშიც. უნდა ითქვას, რომ აქ უპირატესობა იმერლების მხარესაა: სადღეისოდ გამართულ 8 სათასო შეხვედრაში 3-ჯერ იმერლებმა იმარჯვეს, 2-ჯერ დედაქალაქელებმა, 3 მატჩიც ფრედ დასრულდა, ბურთების სხვაობა 5:4 ”ზესტაფონის” სასარგებლოდ. ერთხელაც გუნდები სუპერთასისათვის მატჩში შეხვდნენ ერთმანეთს და ის შეხვედრა თბილისელთა მინიმალური გამარჯვებით (1-0) დასრულდა.
სულ, 2004 წლის შემდეგ, “დინამოსა” და “ზესტაფონს” შორის 42 შეხვედრაა ჩატარებული, აქედან 21-ში დედაქალაქელებმა იმარჯვეს, 12-ში იმერლებმა, 9 მატჩი კი დასრულდა ფრედ, ბურთების სხვაობა 53:36 ”დინამოს” სასარგებლოდ.
საკმაოდ საინტერესოა ის, რომ ზესტაფონელთაგან დინამოელთა კარში სხვაზე ხშირად ჯაბა დვალს გაუტანია – ჯაბას “დინამოს” კარში 4 გოლი აქვს გატანილი. 2-2-ჯერ თბილისელთა კარის ბადე ერთბაშად 6 ზესტაფონელ ფეხბურთელს (შოთა ბაბუნაშვილი, თორნიკე გორგიაშვილი, ზურაბ იონანიძე, ბექა გოცირიძე, ზაალ ელიავა და ნიკოლოზ გელაშვილი) შეურხევია. დღესდღეობით მარგველთა რიგებში მოასპარეზე ფეხბურთეთაგან კი “დინამოს” კარში ფეროელთა მაისურით ასპარეზობისას გატანილი გოლებით ჯაბა დვალი, გიორგი ჭანკოტაძე, თორნიკე კაპანაძე და ვახტანგ ჭანტურიშვილი იწონებენ თავს …
თბილისის “დინამოსთან” შაბათს გასამართი შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირი ტელერეპორტაჟი კი “პირველი არხის” ეთერში გადაიცემა.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური