20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი
როგორც მოგეხსენებათ 2017 წელს საქართველო სარაგბო სამყაროში კაცთა მსოფლიო თასის შემდეგ რანგით მეორე ასპარეზობას, 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამ ტურნირს არა ელიტური სარაგბო ქვეყანა გამართავს. თუმცა აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილების მიღებაში მსოფლიო რაგბს ზურგი გაუმაგრა საქართველოს რაგბის კავშირის მიერ საერთაშორისო მატჩებისა და ტურნირების უმაღლეს დონეზე გამართვის გამოცდილებამ და რაც მთავარია მთავრობის უპრეცენდენტოდ მაღალმა მხარდაჭერამ.
დღეს მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში უპრეცედენტო მასშტაბის სპორტული ინფრასტრუქტურა აშენდება.
„ჩვენი ქვეყნისთვის უპრეცედენტო მასშტაბის ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება. 65 მილიონ დოლარზე მეტი სლოვაკური და კანადური ინვესტიცია განხორციელდა ამ მიმართულებით“, – აღნიშნა პრემიერმა.
აღსანიშნავია, რომ ინფრასტრუქტურის მოწყობა ზემოაღნიშნულ ჩემპიონატს და საქართველოში გასამართ სხვა სპორტულ საერთაშორისო ასპარეზობებს უკავშირდება.
„2017 წელს ჩვენ უნდა ვუმასპინძლოთ რაგბის 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს და ასევე ხელბურთში 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს. გვაქვს ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულება. უმნიშვნელოვანესია, რომ 130 მილიონზე მეტი ინვესტიცია ხორციელდება. ეს ხელს შეუწყობს, რომ მაღალ დონეზე გავუძღვეთ ამ ღონისძიებებს“ განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა.
Rugby.GE