20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრება
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრება. დავით უსტიაშვილის გუნდი „ბ“ დივიზიონში იასპარეზებს და საუკეთესო სამეულში მოხვედრის შემთხვევაში „ა“ დივიზიონის საგზურს მოიპოვებს.
20-წლამდელებმა შეკრება რუმინეთსა და ლუქსემბურგში გაიარეს, სადაც მთლიანობაში 6 მატჩი გამართეს. ქართველებმა რუმინეთისა და ლუქსემბურგის 20-წლამდელთა ნაკრებები 2-2-ჯერ დაამარცხეს.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონის B ჯგუფში მოხვდა ფინეთთან, ჰოლანდიასთან, უკრაინასთან, ავსტრიასთან, შვეიცარიასთან და ბელარუსთან ერთად. მთლიანად „ბ“ დივიზიონში 14 გუნდი ასპარეზობს, რომლებიც 2 ჯგუფშია განაწილებული. მომდევნო ეტაპზე, ნახევარფინალში 2-2 საუკეთესო გადის, ხოლო „ა“ დივიზიონის საგზურებს სამეულში მოხვედრილი გუნდები მოიპოვებენ.
ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონის მატჩები 10-20 ივლისს, ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში გაიმართება.
დღეს, საკალათბურთო აკადემიაში 20-წლამდელთა ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა.
შალვა ონიანი, 20-წლამდელთა ნაკრების მენეჯერი: ნაკრებმა მაღალი დონის მოსამზადებელი ეტაპი გაიარა რუმინეთსა და ლუქსემბურგში, სადაც იდეალურ პირობებში ვარჯიშობდა. გავმართეთ 6 საკონტროლო მატჩი, 3 რუმინეთთან და 3 ლუქსემბურგთან, რომლებიდანაც 4 მოვიგეთ. კალათბურთის ფედერაციამ მაქსიმუმი გააკეთა, რათა 20-წლამდელთა ნაკრები მაღალ დონეზე მომზადებულიყო. ახლა ჯერი ბიჭებზეა. ვნახოთ, ოფიციალურ მატჩებში როგორ გამოავლენენ საკუთარ თავს.
gbf.ge