2014 წლის მნიშვნელოვანი მომენტები – პირველი ბორჯღალი
წელს ბორჯღალოსნების რიგებში ორი ახალი სახე გამოჩნდა. მურაზ გიორგაძე (არმაზი) და გიორგი აფციაური (აია) ბორჯღალოსნების დებიუტანტები არიან, რომლებმაც საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრები გამოიარეს.
მურაზ გიორგაძემ წელს მზარდი საქართველოს რიგებში ორი შეხვედრა გამართა ინგლისის საგრაფოთა ნაკრებთან, ხოლო მოგვიანებით მას ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ივნისში ‘თბილისის თასისთვის’ ბორჯღალოსნების შეკრებაზე უხმო. პირველი სანაკრებო ბორჯღალი მურაზ გიორგაძემ გათამაშების პირველ წრეში, ესპანეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ მატჩში მოიხვეჭა. იგი მოედანზე შეხვედრის მიწურულს ჩაერთო, ხოლო ქომაგს თავი ‘მზარდი იტალიის’ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში დადებული საუცხოო ლელოთი დაამახსოვრა. მილტონ ჰეიგმა გიორგაძე 2014 წლის ნოემბრის ტესტ-სერიის შეკრებაზეც გამოიძახა და ირლანდიის წინააღმდეგ, ‘ავივა სთედიუმზე’ შეცვლაზე ათამაშა.
გიორგი აფციაურმა ეროვნულში დიუბიუტამდე სექტემბერში, ევროპის დონით მეორე საკლუბო ტურნირის, ‘ჩელენჯ ქაპის’ შესარჩევს ეტაპზე ‘თბილისის კავკასიელების’ (უმაღლესი ლიგის საკლუბო სელექცია) შემადგენლობაში იასპარეზა. მანამდე იგი საქართველოს 20-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ახალგაზრდულ ალაფაზე ჰონკონგში გაემგზავრა, მაგრამ ვარჯიშზე მიღებული ფეხის ტრავმის გამო ტურნირში ვერ მიიღო მონაწილეობა.
ნოემბრის ტესტ-სერიის გაფართოებულ რაზმში წელს პირველად ვიხილეთ აფციაური, რომელიც იაპონიის ნაკრების წინააღდეგ, გიორგობას გამართული შეხვედრის სამატჩო რაზმში მარქაფაში შეიყვანა მილტონ ჰეიგმა. იგი შეხვედრაში მატჩის დაწყებიდან რამდენიმე წუთში, მას შემდეგ რაც ტრავმირებული დავით კაჭარავა შეცვალა და მატჩის ასრულებამდე წოტახნით ადრე მიღებული ტრავმა რომ არა, მსაჯის საფინალო სასტვენამდე ითამაშემდა.
FCDinamo.GE