2014 წლის ნოემბრის ტესტ-სერიის განრიგი
მეორე დონის სარაგბო ქვეყნებისათვის წლევანდელი ნოემბრის ტესტები 2015 წლის მსოფლიო თასისათვის მოსამზადებლად საუკეთესო შესაძლებლობას წარმოადგენს.
ნოემბერში საკმაოდ დაძაბულ მატჩებს ვიხილავთ, ვინაიდან მზარდი გუნდები მსოფლიო რაგბის მოწინავეებს შეერკინებიან.
ფიჯი, რომელიც 2015 წლის მსოფლიო თასის პირველ შეხვედრაში მასპინძლებს ეთამაშება, 14 ნოემბერს კარდიფში უელსს შეხვდება, ხოლო ერთი კვირის შემდეგ პარიზში საფრანგეთთან მოსინჯავს ძალებს.
22 ნოემბერს, ფიჯელთა ოკეანელი მეზობელი, სამოა ინგლისს შეხვდება, მას შემდეგ, რაც ერთი კვირით ადრე იტალიასთან ითამაშებს.
ტონგა შოტლანდიასთან იბურთავებს. ევროპის ერთა თასის გამარჯვებული საქართველო სერიის ფარგლებში შინ ორ ტესტს გამართავს – 8 ნოემბერს ტონგას წინააღმდეგ; 23 ნოემბერს იაპონიასთან, 16 ნოემბერს კი დუბლინში ექვსი ერის ჩემპიონს, ირლანდიას შეერკინება.
შემოდგომის კალენდრის კიდევ ერთი და მნიშვნელოვანი მატჩი 1 ნოემბერს, ჩიკაგოში გაიმართება: აშშ ახალ ზელანდიას უმასპინძლებს.
ნოემბრის ტესტ-მატჩების სერიის განრიგი >>>
რაგბის საერთაშორისო საბჭოს (ირბ) საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარემ, მარკ იგანმა განაცხადა: „წლევანდელი ტესტ-მატჩების სერია მსოფლიო თასის გათამაშებისთვის მოსამზადებელად კარგ შესაძლებლობას წარმოადგენს.
„ეს ჩვენი სტრატეგიის ნაწილია. ირბ-ის მიზანია, რეგულარულად მაღალი დონის ტესტების ორგანიზებით მეორე დონის სარაგბო ქვეყნების კონკურენტუნარიანობის გაზრდა და თამაშის ხარისხის გაუმჯობესება. დარწმუნებული ვარ, რომ ტესტ-მატჩებითა და ივნისის ტურნირების მეშვეობით ეს მალე განხორციელდება.
„2014 წელს მეორე დონის (“თი 2”, თაიერ თუ) ქვეყნები 13 ტესტს გამართავენ პირველი დონის გუნდების წინააღმდეგ. ძალიან მოხარულები ვართ იმით, რომ ფიჯიმ, სამოამ და იაპონიამ ივნისში შესძლეს იტალიის დამარცხება, ხოლო კანადა და აშშ საკმაოდ კარგად ეთამაშნენ შოტლანდიას. უკვე ცხადია, რომ მეორე და პირველი დონის ქვეყნებს შორის სათამაშო ხარისხში სხვაობა მცირდება და აქედან გამომდინარე, რაგბის ქომაგებს ნოემბერში საკმაოდ საინტერესო და დაძაბული ტესტები ელით.
„ჩვენ ასევე ვზრუნავთ იმაზე, რომ ნოემბრის ტესტ–სერიის ფარგლებში მაღალი რეიტინგის მქონე მეორე დონის ნაკრებები ერთმანეთსაც ეთამაშნონ. წლევანდელი სერია დიდ სარგებელს მოუტანს საქართველოსა და რუმინეთს, ვინაიდან ისინი თბილისსა და ბუქარესტში კვლავ უმასპინძლებენ ტესტ-მატჩებს.“
მეორე დონის სარაგბო ქვეყნების ტესტ-მატჩების პროგრამას ირბ აფინანსებს. საბჭო ამ ქვეყნებისათვის ტურნირებსა და სანაკრებო პროგრამებში ყოველწლიურად 10 მილიონი გირვანქის ინვესტირებას ახორციელებს.
Rugby.GE