2015 წლის მსოფლიო თასამდე 1 თვე რჩება
თარგმანი მომზადებულია www.rugbyworldcup.com-ის მიხედვით
2015 წლის რაგბის მსოფლიო თასის გახსნამდე ერთი თვით ადრე ტურნირის საორგანიზაციო ჯგუფი გულშემატკივრებს „საქომაგო გეგმას“ უზიარებს.
ინგლისში გასამართი 6–კვირიანი ტურნირი, რომლის 48 მატჩი 12 ქალაქში გაიმართება, 2.45 მილიონი ბილეთითა და 400 000 საერთაშორისო სტუმრის მოლოდინში, რაგბის ისტორიაში უდიდეს მსოფლიო თასად იქცევა.
მასპინძელი ქალაქები მსოფლიო თასისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან
მასპინძელი ქვეყნის დედაქალაქის ღირსშესანიშნაობა ‘ლონდონის თვალი’ ტურნირის მთავარი საიმიჯო ორიენტირია. მისი კაფსულები 20 მოასპარეზე ქვეყნის დროშებით შეიმოსა. ‘ლონდონის თვალი’ ტურნირის დასრულებამდე მისი მთავარი ვიზუალი იქნება, კაფსულების ინტერიერი კი გულშემატკივრების მიერ მოწოდებული, მსოფლიო თასის ტროფი–ტურისა და რაგბის დღესასწაულის (#CelebratingRugby) დროს გადაღებული ფოტოებით მოირთვება.
ღონისძიებები დედაქალაქით არ შემოიფარგლება – მსოფლიო თასს სხვა ქალაქებიც თავისებურად აღნიშნავენ. ნიუქასლში, თაინის ხიდზე, მსოფლიო თასის ლოგო დამონტაჟდა, ლესთერში კი, ეროვნული კოსმოსური ცენტრიდან, მსოფლიო თასის ბურთი გაგზავნეს გარე სამყაროში. განსახორციელებელი გეგმები კიდევ ბევრია, და დროდადრო გულშემატკირებს მასპინძელ ქალაქებში ახალი სიურპრიზები ელით.
მაყურებელთა ჩართულობა
მას, ვისაც თამაშებზე დასასწრები ბილეთები უკვე შეძენილი აქვს, სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით (Blippar app) შეეძლება ბილეთების სკანირებით გაიგოს ნებისმიერი ინფორმაცია სასურველი მატჩის შესახებ, დაგეგმოს სამატჩო დღე და სპეციალური რუკების მეშვეობით, რომლებიც „გულშემატკივრების ზონაში“ მიიყვანს, სხვადასხვა ინტერაქციაშიც ჩაერთოს.
ყველა ასპარეზი აღჭურვილი იქნება ტურნირის ოფიციალური გაფორმებით. ეს პროგრამა სტადიონის ექსტერიერს, ბარებსა და საზოგადოების თავშეყრის ადგილებსაც მოიცავს, რათა თითოეული სტადიონი ადვილად ამოიცნობოდეს, როგორც მსოფლიო თასის ასპარეზი. დამატებით შეიქმნება 15 ფანზონა სტადიონის შიგნით ან ახლოს.
გულშემატკივარს ტრანსპორტის გაჩერებებზე მსოფლიო თასის წარმომადგენლები შეხვდებიან და ფანზონამდე მიაცილებენ მაყურებელთა სასიარულო ბილიკით, რომელიც მსოფლიო თასის ნიშნულებით (სამ–განზომილებიანი ქუჩების მოხატულობა, ცოცხალი შესრულება, ქალაქის მორთულობა, სამატჩო დღის ინფორმაცია) დაიტვირთება.
ამისთვის „მსოფლიო რაგბმა“ 6 000 მოხალისე დაასაქმა. ფანზონებში განთავსებულ ეკრანებზე მატჩები ლაივ–სთრიმით გადმოიცემა. გამონაკლისი არც ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ადგილას განთავსებული პაბები და ბარები იქნება.
უნიკალური გამოცდილება
მსოფლიო თასის ფარგალში იმოქმედებს 18 აგვისტოს დაწყებული საპრეზენტაციო პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს რაგბის ახალი გულშემატკივრების მოზიდვას.
კიდევ ერთი სიახლე, რაც წლევანდელ მსოფლიო თასზე დაინერგება, ყურსასმენებით კომენტირებაა. მატჩის მსვლელობას თან დაერთვება რაგბის წესების განმარტებები, რათა სანახაობა უფრო საინტერესო გახდეს როგორც ახალი, ისე ძველი გულშემატკივრებისთვის. სერვისი უცხოელი ქომაგებისთვისაც განხორციელდება, მათთვის სასურველ ენაზე.
ტურნირის წინ ორგკომიტეტმა სპეციალური, საგანმანათლებლო ვიდეოები, ‘რაგბის სკოლა’ შექმნა. პირველი ნაწილი დღეს გამოვიდა. ეს წამოწყება გულშემატკივრებს რაგბის წესებისა და ელემენტების უკეთ გაგებაში დაეხმარება.
საბოლოო სამზადისი
მსოფლიო თასის საორგანიზაციო გეგმის უკანასკნელი ფაზა სრულდება. თასის გახსნის ცერემონიალი თვიქნემის სტადიონზე, 18 სექტემბერს, ინგლისი – ფიჯის თამაშის წინ გაიმართება.
ორგკომიტეტის მმართველი დირექტორი, სთივენ ბრაუნი ამბობს: „მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო თასის დაწყებამდე სულ რაღაც 1 თვე რჩება, გულშემატკივრებს ჯერ კიდევ რჩებათ შანსი, რომ ამ უდიდესი დღესასწაულის მონაწილენი გახდნენ. ვიმედოვნებთ, რომ ყოველ სტადიონზე თითოეული სამატჩო დღე ყველა ქომაგისთვის დაუვიწყარი იქნება. მსოფლიოს ნებისმიერი კუთხის ბინადარს აქვს შესაძლებლობა, 6 კვირით რაგბის სამყაროში გადაინაცვლოს“
Rugby.GE