2017 წელს საქართველო 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს!
2017 წელს საქართველო 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს! ამის შესახებ გადაწყვეტილება უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა დღეს საღამოს, კომიტეტის სხდომაზე მიიღო. უეფამ დამაკმაყოფილებლად მიიჩნია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ჩემპიონატის მასპინძლობაზე შეტანილი განაცხადი და სფფ-ს და საქართველოს კიდევ ერთხელ გამოუცხადა დიდი ნდობა.
აღმასკომის ეს გადაწყვეტილება უეფას გენერალურმა მდივანმა – ჯანი ინფანტინომ სხდომის დასრულებისთანავე გაახმოვანა. სფფ-ის ოფისში უეფას გადაწყვეტილებას ერთად ელოდებოდნენ სფფ-ის ხელმძღვანელები და თანამშრომლები. ეს სასიხარულო ამბავი მათ ერთად შეიტყვეს.
„ეს არის ძალიან კარგი ახალი ამბავი! ჩვენი ქვეყნისთვის და ქართული ფეხბურთისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება იქნება“ – განაცხადა სფფ-ის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ.
ხვალ, 27 იანვარს, 10:30 წუთზე, „მიხეილ მესსხის“ სახელობის სტადიონის მედიაცენტრში, სფფ-ის ხელმძღვანელები ამ თემაზე პრესკონფერენციას გამართავენ.
სფფ-ის პრესსამსახური