2017 წლის ქალ ფრენბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს თბილისი უმასპინძლებს
7 სექტემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, საქართველოს ფრენბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ირაკლი ჩაჩუასთან ერთად, ევროპის ფრენბურთის კონფედერაციის პირველ ვიცე-პრეზიდენტ რენატო არენას, ვიცე-პრეზიდენტ იოზგან მუთლუგილს და 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს შეხვდა. შეხვედრას სპორტის მინისტრის მოდგილე შალვა გოგოლაძეც ესწრებოდა.
სამინისტროში დაგეგმილ შეხვედრაზე საუბარი იყო ქალთა შორის 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის საორგანიზაციო საკითხებზე და იმ მოსამზადებელ სამუშაოებზე, რაც საქართველომ უნდა გასწიოს. ქალ ფრენბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ ჯგუფურ ეტაპს მომავალი წლის სექტემბერში თბილისის ახალი სპორტის სასახლე უმასპინძლებს.
2017 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი აზარბაიჯანსა და საქართველოში ერთდროულად გაიმართება.
2017 წლის სექტემბერში თბილისი ფრებურთში ქალთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ერთ-ერთ ჯგუფს უმასპინძლებს. ევროპის ჩემპიონატზე სულ 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, თბილისი B ჯგუფის მატჩებს უმასპინძლებს, სადაც საქართველოს ქალთა ნაკრები ითამაშებს.
აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატის მატჩების ტრანსლაცია მსოფლიოს 160 ქვეყანაში განხორციელდება, ჩემპიონატის ზუსტი თარიღები და მონაწილე ნაკრებების ვინაობა კი ოქტომბრის ბოლომდე გაირკვევა.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური