2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი პირველი არხით გადაიცემა
დღეს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
პირველი არხთან საუბრის დროს გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა : “ყველა ქართველ გულშემატკივარს ვულოცავთ. არ მეგულება საქართველოს მოქალაქე, რომელიც რაგბის არ გულშემატკივრობს. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენთვის რაგბი ეროვნული სპორტის სახეობაა. დღეს გადაწყდა, რომ კონტრაქტი გაფორმდა და 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი პირველი არხით გადაიცემა. რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი იაპონიაში იმართება და მე ვფიქრობ, რომ ეს დიდი დღესასწაული იქნება, მით უმეტეს, როგორც ყოველთვის, ქართველი მორაგბეები გაგვახარებენ. ვფიქრობ, რომ სამეურვეო საბჭომ ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება დაადასტურა. ამ კონტრაქტის წარმატებით დასრულებისთვის ბევრი ვიმუშავეთ და დღეს ჩვენს გადაწყვეტილებას ბეჭედი დაესვა“, – აცხადბს ვასილ მაღლაფერიძე.
კონტრაქტს “საზოგადოებრივ მაუწყებელსა” და კომპანია RUGBY WORLD CUP LIMITED-ს შორის ხელი უახლოეს მომავალში მოეწერება. რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატს ის 2019 წლის 20 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე იაპონიაში გაიმართება.