2019 წლის სუპერლიგის “ყველა ვარსკვლავის მატჩის” შემადგენლობა
ქუთაისი 2019 წლის “ყველა ვარსკვლავის მატჩს” უმასპინძლებს. უკვე ცნობილია, თუ ვინ მიიღებს მონაწილეობას წლევანდელ “ოლ სტარში”. გულშემატკივრებმა თავისი ხუთეულები გამოკითხვის მეშვეობით შეარჩიეს, ხოლო ადგილობრივთა და ლეგიონერთა გუნდების მწვრთნელებმა დანარჩენი 7-7 მოთამაშე დაასახელეს.
ტრადიციულად, “ყველა ვარსკვლავის მატჩთან” ერთად გაიმართება კონკურსები 3-ქულიან სროლებსა და ეფექტურ გდებებში. 3-ქულიანების კონკურსში მონაწილეობას შემდეგი კალათბურთელები მიიღებენ: ოთარ ფხაკაძე (დელტა), მალკოლმ დრამრაითი (დელტა), ჯონათან ლი (ქუთაისი), ჯორდან სვოპშირი (დინამო) და შარშანდელი “ოლ სტარი” 3-ქულიანების კონკურსის გამარჯვებული – რევაზ ჩაჩანიძე (მგზავრები).
ეფექტურ გდებებში ერთმანეთს შეეჯიბრებიან – მარკ ოგდენი (ოლიმპი), ჩარლზ ბენეტი (ოლიმპი) და ჯეიმს მილიკენი (თსუ ჰიუნდაი).
“ყველა ვარსკვლავის მატჩი” ქუთაისის სპორტის სასახლეში, 7 თებერვალს, 18:00 საათზე დაიწყება.