20წ | უმცროსი ბორჯღალოსნების ღია ვარჯიში
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა, რომლებიც 4-22 ივნისს არგენტინაში გასამართი მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადებიან, გუშინ ქომაგებისთვის ღია ვარჯიში გამართეს.
გუნდი დასკვნით შეკრებაზე ორი კვირის წინ შევიდა და მწვრთნელები უმთავრესად სათამაშო ტაქტიკისა და ელემენტების დახვეწაზე მუშაობენ. ჯერჯერობით შეკრებაზე არ არიან ფრანგულ კლუბებში მოთამაშე ლეგიონერები. ისინი უმცროს ბორჯღალოსნებს ეტაპობრივად, მომავალი კვირიდან შეუერთდებიან.
არგენტინაში ჩვენი გუნდი „გ“ ჯგუფში, ახალი ზელანდიის, სამხრეთ აფრიკისა და შოტლანდიის ნაკრებებთან ითამაშებს. პირველი მატჩი 4 ივნისს, სანტაფეში ახალი ზელანდიის წინააღმდეგ საქართველოს დროით 20 საათზე დაიწყება, მომდევნო ორი შეხვედრა კი როსარიოშია. უმცროსი ბორჯღალოსნების მეტოქე 8 ივნისს სამხრეთ აფრიკის, 12 ივნისს კი შოტლანდიის 20-წლამდელთა ნაკრები იქნებიან. ეს ორივე შეხვედრა 17:30 საათზე იწყება. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, დაკავებული ადგილის მიხედვით, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები 17 ივნისს ნახევარფინალურ, ხოლო 22 ივნისს ფინალურ შეხვედრას გამართავს.
ღია ვარჯიშმა საათზე მეტხანს გასტანა, რის შემდეგაც მწვრთნელმა ლადო კილასონიამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა:
„2016 წელს, 20-წლამდელთა ჩემპიონატზე პირველი თამაში ახალ ზელანდიასთან გავმართეთ და ჩვენთვის კარგადაა ნაცნობი რა ქარიშხალს უნდა ველოდოთ. რთული ჯგუფი შეგვხვდა, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატზე იოლი ჯგუფები არ არსებობს. ახალი ზელანდიის შემდეგ, სამხრეთ აფრიკას და შოტლანდიას ვეთამაშებით – პირველის ძალა ცოტა ხნის წინ სამხრეთ აფრიკულ ტურნეზე გამოვცადეთ, მეორეს კი შარშანდელი მარცხისთვის რევანში წყურია“.
„ჩვენი მოსამზადებელი შეკრება დასასრულს უახლოვდება. ფიზიკური მომზადების დიდი ციკლი დაფარულია, ასევე შევსებულია ბურთით ვარჯიშის არეალები. ველოდებით მოთამაშეებს საფრანგეთიდან და შევეცდებითი სისტემების დახვეწას, რომლებითაც გვინდა შევუტიოთ და თავი დავიცვათ. ამ გუნდს აქვს დიდი პოტენციალი, მთავარია სწორად გამოვიყენოთ ჩვენი პლიუსები და თუ ეს მოვახერხეთ, ძალიან კარგ ტურნირს ჩავატარებთ“.
გუნდის კაპიტანი თედო აბჟანდაძე ფიქრობს, რომ სამხრეთ აფრიკულ ტურნეზე შეძენილი გამოცდილება ნაკრებს არგენტინაში წაადგება:
„შარშან სამხრეთ აფრიკული ტურნე გუნდს ძალიან მაგრად წაადგა და 20-წლამდელთა ჩემპიონატზე სამი თამაში მოვიგეთ. დარწმუნებული ვარ, ახლაც ასე იქნება. გუნდში მრავლად არიან ისეთი მორაგბეები, რომელთაც ამ დონის თამაშების გამოცდილება არ ჰქონდათ და ახლა მათ ზუსტად იციან რას უნდა ველოდოთ მსოფლიოს ჩემპიონატზე. პროგნოზებისგან თავს შევიკავებ. ჩვენი უმთავრესი მიზანი ამ ტურნირში ადგილის შენარჩუნებაა და ამისთვის მაქსიმუმს გავიღებთ, პარალელურად კი, შარშანდელი შედეგის გაუმჯობესებას ვეცდებით“.
მზადების განვლილი ეტაპებით კმაყოფილია და შარშანდელი შედეგის გამეორებაზე ფიქრობს დემე თაფლაძე:
„ხანგრძლივი და მრავალეტაპიანი მოსამზადებელი პერიოდი გვქონდა, რომლის დროსაც იყო ფიზმომზადების ვარჯიშები, ასევე თამაშები რუსეთისა და საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრებებთან და სამი თამაში სამხრეთ აფრიკულ ტურნეზე. გუნდი კარგადაა მომზადებული და ვფიქრობ, ყველა გამოწვევისთვის მზად ვართ. სამხრეთ აფრიკაში მაღალ სისწრაფეებზე თამაშის გამოცდილება მივიღეთ და ვეცდებით შარშანდელი შედეგი გავიმეოროთ“.
შეგახსენებთ, შარშან უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მიჯრით სამი თამაში მოიგეს და ტურნირი სარეკორდო, მე-9 ადგილზე დაასრულეს.
შეკრებაზე არიან
შერკინება:
გეგი მურუსიძე (არმაზი, 1), ლუკა ნიორაძე (ჯიქი, 2),საბა კურატაშვილი (არმაზი, 2), გიორგი მენაბდე (ბათუმი, 2),ვლადიმერ ჩაჩანიძე (ლელო, 4-5),დავით გვიდიანი (არმაზი, 4-5),ლუკა გელაშვილი (არმია, 4-5),ვახტანგ ჯინჭარაძე (ჯიქი, 4-5),ტატო გვიმრაძე (ხვამლი, 4-5), კობა კოლოტაური (ლელო, 6-7),ბექა ყორიაული (ლელო 6-7),პაატა ბურჭულაძე (რუსთავი, 6-7), მიხეილ ჩაჩავა (ჯიქი, 6-7),საბა ჯღარკავა (ლელო, 6-7),გიორგი ნოდია (ყოჩები, 6-7),იოანე იაშაღაშვილი (არმაზი, 6, 7, 8),იოსებ გუშარაშვილი (ყოჩები, 6, 7, 8)
ხაზი
მიხეილ ალანია (არმაზი, 9), გიორგი მარგალიტაძე (ლელო, 9),ლუკა მანტკავა (არმაზი, 9),ფრიდონ წიკლაური (ხვამლი, 9), იაგო ხაბულიანი (აია, 9), თედო აბჟანდაძე (აია, 10), რევაზ ხარაზიშვილი (იუნკერები, 10),სანდრო მარგიანი (აკადემია, 10),გივი ცინცაძე (არმაზი, 10), ლაშა ლომიძე (აია, 12), ირაკლი სიმსივე (აია, 12-13),დემურ თაფლაძე (ლელო, 13-14), ზაურ ლუტიძე (ხვამლი, 13),ზურა ქავთარაძე (ხარები, 11-14),ოთარ ლაშხი (ლელო, 11-14),კოტე მარჯანიშვილი (არმაზი, 11-14),თემურ კოხოძე (აია, 11-14), გიორგი მიქანაძე (აკადემია, 15), თეიმურაზ ჭიჭინაძე (ჯიქი, 11-15), დავით გობეჯიშვილი (აია, 10-15),დაჩი პაპუნაშვილი (არმია, 10-15),
გუნდს 20 მაისიდან შეუერთდებიან
გიორგი ახალაძე (მასი, 1),გია ხარაიშვილი (რასინგ 92, 1), ზაურ თევდორაშვილი (ანგულემი, 3), ლუკა ჭელიძე (ტულონი, 1), ლუკა აზარიაშვილი (მონპელიე, 3),ვანო კარკაძე (ორიაკი, 2)
Rugby.ge