21 სექტემბერი დინამოს ისტორიაში
21 სექტემბერს დინამო თბილისი საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეექვსე ტურის შეხვედრას გამართავს. დედაქალაქელები დინამო არენაზე ფოთის კოლხეთს უმასპინძლებენ. 21 სექტემბერს დინამოს ისტორიაში 11 ოფიციალური შეხვედრა (4 ეროვნულ ჩემპიონატში, 7 სსრკ პირველობაზე) აქვს გამართული, საიდანაც ჩვენმა გუნდმა 7 მატჩი გამარჯვებით დაასრულა, 1 მატჩში საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა, 3 თამაშში კი მეტოქემ მოიგო. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 26/11 დინამოელთა სასარგებლოდ.
სსრკ პირველობაზე 21 სექტემბერს ჩვენმა გუნდმ პირველად 1938 წელს იასპარეზა. დინამომ ხარკოვის სპარტაკს უმასპინძლა და მეტოქეს 7:1 მოუგო. უკრაინული გუნდის კარში სამი გოლი პაიჭაძემ გაიტანა, თითო გოლი გაიტანეს ბერძენიშვილმა, მინაევმა და ლოლაძემ, ერთი ბურთი მეტოქე გუნდის ფეხბურთელმა – ხარლამოვმა, საკუთარ კარში ჩაჭრა. 1948 წლის 21 სექტემბერს დინამო ვოლგოგრადს სტუმრად დაუპირისპირდა, სადაც ჩვენმა გუნდმა ფრედ, გატანილი გოლების გარეშე – 0:0 ითამაშა. 1956 წელს ჩვენმა გუნდმა სტუმრად, სვერდლოვსკის ოდოსთან 2:4 წააგო. მეტოქის კარში ერთი გოლი იამანიძემ გაიტანა, ერთი ბურთი კი მეტოქე გუნდის ფეხბურთელმა – დუბინსკიმ, საკუთარ კარში ჩაჭრა. 1958 წლის 21 სექტემბერს დინამომ სტალინოს (დონეცკის) შახტარი მიიღო და მეტოქეს მშრალი ანგარიშით – 2:0 სძლია. უკრაინული გუნდის კარში გოლები ჩოხელმა და იამანიძემ გაიტანეს. 1975 წლის 21 სექტემბერს დინამომ ვოროშლიოვგრადის ზარიას უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით– 2:3 დამარცხდა. დინამოელთაგან გატანილი გოლებით ქორიძე და ყიფიანი გამოირჩნენ. 1980 წელს თბილისში ერთმანეთს დინამო და ლვოვის კარპატი დაუპირისპირდნენ. ჩვენმა გუნდმა მეტოქეს 2:0 სძლია. გოლები შენგელიამ და ყიფიანმა გაიტანეს. 1987 წლის 21 სექტემბერს დინამომ ბაქოს ნეფთჩის უმასპინძლა. თბილისელებმა გურულის და ჩივაძის გოლებით 2:0 აჯობეს ბაქოელებს.
ეროვნულ ასპარეზზე დინამო თბილისმა 21 სექტემბერს პირველი ოფიციალური მატჩი 1995 წელს გამართა. ჩვენი გუნდი გასვლით შეხვედრაში რუსთავის მეტალურგს დაუპირისპირდა და მეტოქეს 2:0 სძლია. მეტალურგთა კარში გოლები კერძევაძემ და ჯამარაულმა გაიტანეს. 2008 წლის 21 სექტემბერს დინამომ ცხინვალის სპარტაკს უმასპინძლა. დინამო არენაზე გამართული მატჩი დედაქალაქელთა გამარჯვებით– 4:1 დასრულდა. სპარტაკის კარში გოლები გველესიანმა, ვაწაძემ, მერებაშვილმა და სპასოევიჩმა გაიტანეს. 2011 წელს დინამო სტუმრად, ქუთაისის ტორპედოსთან მინიმალური სხვაობით– 1:2 დამარცხდა. ქუთაისელთა კარში გოლი ესპანელმა იაგუემ გაიტანა. 2013 წელს ვიტ ჯორჯიას მცხეთაში ჩატარებულ შეხვედრაში 2:0 ვაჯობეთ. გოგამ და გრიგალაშვილმა გამოიჩინეს თავი.
FCDinamo.Ge