გიორგი ტუღუში – „წინ ძალიან ცხელი ივლისი გველის“
უკვე გადაწყვეტილია, რომ 21 ივლისს გორის „დილა“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საშინაო შეხვედრას ბელგრადის „პარტიზანის“ წინააღმდეგ საკუთარ ქალაქში გამართავს.
მნიშვნელოვანი მატჩის გორში ჩატარების ნებართვა უეფამ კლუბს მას შემდეგ მისცა, რაც გორს უეფას ტექნიკური ინსტრუქტორი სტუმრობდა, რომელმაც სტადიონზე არსებული მდგომარეობა კომპლექსურად შეისწავლა და კლუბს გარკვეული რეკომენდაციები მიაწოდა.
ამ დროისთვის, ქალაქ გორის მერიის დახმარებით თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს უეფას მოთხოვნების დაკმაყოფილების პროცესი. სამუშაოები რამდენიმე მიმართულებით ტარდება.
უეფას ერთ-ერთ რეკომენდაციას წარმოადგენდა სტადიონის აღმოსავლეთ ტრიბუნასთან არსებული ,,L ოილის“ ბენზინგასამართი სადგურის ფუნქციონირების ორი დღით შეჩერება, კლუბის წერილობითი მიმართვის შემდეგ შპს ,,L ოილის“ ხელმძღვანელობამ „დილას“ რეკომენდაციით განსაზღვრულ თარიღებში, 20-21 ივლისს ბენზინგასამართი სადგურის შეჩერების გადაწყვეტილება დაუდასტურა.
უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით, სტადიონის ჩრდილოეთ ნაწილის მიმდებარე ტერიტორიას, რომელიც წარმოადგენს ქვებითა და ხრეშით დაფარულ სივრცეს, მთლიანად ევლება ორი მეტრის სიმაღლის ღობე. ამავდროულად დაიწყო არსებული სივრცის მოასფალტების პროცესი.
სტადიონის დასავლეთ ტრიბუნასთან, სადაც კლუბის ოფისი, ასევე ფეხბურთელთა, მწვრთნელებისა და ოფიციალური პირების შესასვლელია, კეთდება დამცავი ღობე და იქ მოხვედრა მხოლოდ გუნდების, მათი წარმომადგენლებისა და შესაბამისი უფლების მქონე პირებისთვის იქნება შესაძლებელი.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩატარებული სამუშაოების შემდეგ გულშემატკივართა სტადიონზე მოხვედრა ოთხი შესასვლელიდან იქნება შესაძლებელი.
გულშემატკივრისთვის სტადიონზე შესასვლელი კეთდება აღმოსავლეთ ტრიბუნიდანაც. მაყურებელს სტადიონზე მოხვედრა ახლა უკვე გურამიშვილის ქუჩის მხრიდანაც შეეძლება.
მიმდინარეობს სტუმარი გუნდის გულშემატკივართა ტრიბუნის გამაგრების, საიზოლაციო და კოსმეტიკური სამუშაოები, რაც ასევე მოიცავს სკამების დანომვრის პროცესს მთელს სტადიონზე, რის შემდეგაც უკვე შესაძლებელი იქნება ბილეთების გაყიდვის სისტემის დანერგვა, რაც ასევე წარმოადგენს უეფას რეკომენდაციას ჩემპიონთა ლიგაში მონაწილე კლუბებისათვის.
აღმოსავლეთ ტრიბუნის ნაწილში უეფას სტანდარტების შეაბამისად ეწყობა 3 ტუალეტი (ორი მამაკაცებისთვის და ერთიც ქალებისთვის) 21 ივლისამდე შეიღებება სტადიონის სამხრეთით არსებული კდელი და მოხდება ელექტრონული ტაბლოს განახლება.
პრაქტიკულად მზად არის ქართველი და უცხოელი ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი ოთახები, რომლებიც სულ მალე აღიჭურვება საჭირო ტექნიკითა და ინვენტარით. ამავდრულად მიმდინარეობს ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოები.
ორი დღის წინ გორის „დილამ“ ხელშეკრულება გააფორმა ინტერნეტპროვაიდერ „ახალ ქსელებთან“რომელიც სტადიონს 100 მეგაბიტი წამი შიჩქარის ინტერნეტით მოამარაგებს. მაღალი სიჩქარის ინტერნეტის მიღება შესაძლებელი იქნება როგორც უკაბელოდ (WI FI) აგრეთვე კაბელის საშუალებით, რომელიც კლუბებისა და პრესის წარმომადგენლების მუშაობას გაცილებით ეფექტურსა და მოსახერხებელს გახდის.
უკვე დასრულდა VIP ზონისა და საპრესკონფერენციო ოთახის განახლება. ინფრასტრუქტურული სამუშაოების პარალელურად, მიმდინარეობს მოედნის საფარის განახლება სპეციალური ტექნიკის საშუალებით, რომლის გორში ჩამოყვანაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით მოხერხდა. ჩატარებული სამუშაოების შედეგად გამოსწორდა მოედნის საფარის დაზიანებული ნაწილი.
უეფას რეკომენდაციის შესაბამისად დაიწყო სტუმარი და მასპინძელი გუნდების გასახდელებში არსებული საშხაპეების განახლება.
21 ივლისიდან გორის ,,დილას“ ექნება მოედანზე გასასვლელი გვირაბი, რაც უზრუნველყოფს გუნდებისა და მსაჯაბის უსაფრთხო გასვლას სათამაშო მოედნაზე. სტადიონის ჩრდილოეთ ნაწილში უკვე მიმდინარეობს საიზოლაციო ბანერების განთავსება, სადაც კლუბის ლოგო და სახელწოდებაა გამოსახული.
მიმდინარე სამუშაოების დასრულების შემდეგ, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის „დილას“ სტადიონი დააკმაყოფილებს უეფას სტანდარტებს და შეეძლება ჩემპიონთა ლიგის I და II საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების მასპინძლობა.
თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონსა და მის გარშემო მიმდინარე სამუშაოებზე კომენტარი გააკეთა გორის ,,დილას“ დირექტორმა გიორგი ტუღუშმა:
,,საფეხბურთო კლუბ ,,დილას“ განვითარება გრძელდება და მოხარული ვარ, რომ მნიშვნელოვანი გამოწვევების გადალახვა კლუბს ორგანიზაციული კუთხით შეუძლია. მას შემდეგ რაც გორის „დილა“ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვდა, მიზნად დავისახეთ, რომ ჩვენი გუნდისთვის ისტორიული მატჩი ბელგრადის ,,პარტიზანის“ წინააღმდეგ გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართულიყო, რასაც ცხადია სპორტულ მხარესთან ერთად, უდიდესი სოციალური, ორგანიზაციული და პერსპექტივაში ეკონომიკური დატვირთვაც ექნება. ჩვენი ინიციატივა და ინტერესი მატჩის გორში გამართვასთან დაკავშირებით ქალაქ გორის მერიას გავაცანით და მათი ცალსახა მხარდაჭერაც მივიღეთ. რამდენიმე დღის წინ ,,დილას“ უეფას წარმომადგენელი სტუმრობდა, რომელმაც სტადიონზე არსებული მდგომარეობა შეისწავლა და რეკომენდაციებიც მოგვცა, რის შემდეგაც მერიისა და ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით საფეხბურთო კლუბ ,,დილას“ სტადიონის სტანდარტიზაცნია მიმდინარეობს უეფას რეკომენდაციების შესაბამისად.
ჩვენი გუნდი უკვე ბელგრადშია და 14 ივლისს ,,პარტიზანთან“ შეხვედრისთვის ემზადება. ქ. გორში ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაში უდიდესი მიღწევაა ისეთი მცირე ბიუჯეტიანი კლუბისათვის, როგორიც გორის ,,დილაა“, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არსებულ მიღწევას დავჯერდეთ. წინ ძალიან ცხელი ივლისი გველის“.
,,დილას“ პრესსამსახური