ქუთაისის სარაგბო ბაზა ოფიციალურად გაიხსნა
1 სექტემბერს, ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე სარაგბო ბაზა „აია-არენა” სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ოფიციალურად გახსნა. ღონისძიებას დაესწრნენ – საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე, სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი იმერეთის მხარეში გივი ჭიჭინაძე, გუბერნატორის მოადგილეები, ქუთაისის მერი შოთა მურღულია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი, „ქართუ ჯგუფის” აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ლილუაშვილი.
სარაგბო ბაზა, რომლის ტერიტორიაც 9 ჰექტარია საქართველოში ყველაზე დიდია და ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით მოეწყო.
ბაზაზე განთავსებულია 4 მოედანი – 3 სათამაშო და 1 სავარჯიშო. ცენტარლური სტადიონი 4 860 მაყურებელზეა გათვლილი, მეორე მოედანი 1 330 მაყურებელს იტევს, მესამე სტადიონი კი 751 ადგილიანია.
კომპლექსი აღჭურვილია საკონფერენციო, სატრენაჟორო და მოსასვენებელი ოთახებით, VIP, PRESS და მატჩის კომისრის ლოჟებით, ექიმისა და დოპინგ-კონტროლის კაბინეტებით. ბაზის გვერდით მიმდინარეობს სასტუმროს მშენებლობა.
ქუთაისის სარაგბო ბაზა „აია-არენა” საქველმოქმედო ფონდ „ქართუს” დაფინანსებით ასოციაცია „ატუმ” მოაწყო. ბაზის მშენებლობა 11 მილიონი ლარი დაჯდა.
ღონისძიების ბოლოს ტარიელ ხეჩიკაშვილმა მწვრთნელებს და მორაგბეებს სპორტული ინვენტარი გადასცა და ახალგაზრდული გუნდების თამაშს დაესწრო.
რაგბის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უკვე განხორციელდაარაერთი პროექტი:
1. თბილისში აშენდა სარაგბო ბაზა „ლელო არენა”
2. ფოთში აშენდა სარაგბო ბაზა „პარკი-არენა”
3. ქუთაისში აშენდა სარაგბო ბაზა „აია არენა”, მიმდინარეობს სასტუმროს მშენებლობა
4. თბილისში აშენდა „შევარდენის” სანაკრებო ბაზა
5. მოეწყო ავჭალის რაგბის სტადიონი
6. ვარკეთილის სარაგბო სკოლაში მოეწყო ხელოვნურსაფარიანი მოედანი
7. აშენდა რუსთავის სარაგბო ბაზა
8. აშენდა მარტყოფის სარაგბო ბაზა, მიმდინარეობს სასტუმროს მშენებლობა
9. თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე დაიწყო სარაგბო ბაზის მშენებლობა
10. დასასრულს უახლოვდება გორის სარაგბო ბაზის მშენებლობა
11. მომავალ წელს დასრულდება ბათუმის სარაგბო ბაზა
12. თელავში დაიწყო ორმოედნიანი კომპლექსის მშენებლობა
Rugby,GE