27 წლის წინ საქართველოს ჩემპიონატის პირველი შეხვედრა გაიმართა (ვიდეო)
დღეს ქართული ფეხბურთისთვის ისტორიული დღეა.
1990 წელს ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ, ნოდარ ახალკაცის მეთაურობით, გადაწყვიტა, რომ საქართველოს დამოუკიდებელი ჩემპიონატი უნდა ჰქონოდა. საბოლოოდ, დადგინდა, რომ ჩემპიონატს “საქართველოს უმაღლესი ჯგუფი” დარქმეოდა და მასში თვრამეტ გუნდს მიეღო მონაწილეობა.
იმავე წლის 30 მარტს ჩემპიონატის პირველი მატჩი შედგა. დაპირისპირება დღევანდელ ბორის პაიჭაძის ეროვნულ სტადიონზე თბილისის “იბერიასა” (“დინამო”) და ფოთის “კოლხეთს” შორის გაიმართა და იგი მეგრელთა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. რაც არ უნდა კურიოზული იყოს, პირველი სეზონის სადებიუტო თამაშის ერთადერთი გოლი ავტოგოლი იყო: “თავის გამოჩენა” გელა კეტაშვილმა მოახერხა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ეროვნული მოძრაობის ლიდერი, ზვიად გამსახურდია და კათალიკოს პატრიარქი, ილია II. პირველმა მათგანმა საზოგადოებას სიტყვით მიმართა: “საქართველოს ძენო და სულნო, საყვარელო დანო და ძმანო, გილოცავთ ნანატრი დღის დადგომას, გილოცავთ ეროვნული ჩემპიონატის პირველ დღეს. ძვირფასო მეგობრებო ამ დღეს ქართული ფეხბურთი შემოუერთდა საქართველოს ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას და იგი ჩვენთან ერთად იბრძვის საქართველოს თავისუფლებისთვისა და დამოუკიდებლობისთვის. იმპერიული ძალების წინააღმდეგობის მიუხედავათ, ჩვენ გავიმარჯვეთ და მივაღწიეთ საქართველოს ფეხბურთის დამოუკიდებელი ფედერაციის გამოყოფას იმპერიული ფედერაციისგან. გაუმარჯოს დამოუკიდებელ ქართულ ფეხბურთს, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!”
“იბერიას” შემადგენლობა: ხაპოვი, კეტაშვილი, ჭედია, რევიშვილი, კაჭარავა, გურული, ცხადაძე, არზიანი, ქეცბაია, ცაავა, გოგიჩაიშვილი.
იხილეთ ვიდეო