29 სექტემბერს, 11:00 საათზე ბათუმის ბულვარში (მაგნოლიასთან) არსებულ საფეხბურთო მოედანზე მასობრივი ფეხბურთის კვირეულის ფარგლებში აუტიზმის მქონე ბავშვთა საფეხბურთო ფესტივალი გაიმართება.
საფეხბურთო ფესტივალში 40 ბავშვი მიიღებს მონაწილეობას. ყველა მონაწილეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან მაისურები და ბურთები, ხოლო გუნდს სავარჯიშო ეკიპირება და სათამაშო ბურთები გადაეცემათ.
აუტიზმის მქონე ბავშვთა საფეხბურთი ფესტივალს ფედერაციისა და ვორიორსის ორგანიზებით თბილისი რამდენიმე წელია მასპინძლობს, ხოლო ბათუმში წელს პირველად ჩატარდება. ასევე პირველია პროექტში კომერციული სექტორის ჩართულობა- ფესტივალის მთავარი პარტნიორია წიგნის მაღაზიათა ქსელი ბიბლუსი, რომელიც თითოეულ მონაწილეს განსაკუთრებულ საჩუქრებს გადასცემს. ღონისძიებას ასევე მხარს უჭერს საკონდიტრო საწარმო ჯორჯიან ბეიქერსი.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და აუტიზმის მქონე ბავშვთა საფეხბურთო გუნდი „ვორიორსი“ უკვე 3 წელია, რაც ერთობლივი ძალისხმევით ქვეყნის 5 ქალაქში: თბილისში, ბათუმში, გორში, თელავსა და რუსთავში 6-15 წლამდე ასაკის აუტიზმის მქონე ბავშვებს ყველანაირ პირობას უქმნის იმისთვის, რომ ითამაშონ ფეხბურთი. ქალაქ ბათუმში გუნდი უკვე 2 წელია ჩამოყალიბდა და აჭარის ფეხბურთის ფედერაციის აქტიური ჩართულობით, რეგულარულ ვარჯიშებს მართავს.
პროექტის არეალის გაფართოებისა და მეტი ბავშვისათვის ჩართულობის შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით უკვე ჩატარდა კვლევა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და სამომავლოდ კიდევ რამდენიმე ქალაქში გამოიკვეთა მსგავსი ტიპის გუნდების ჩამოყალიბების პოტენციალი, მათ შორის: ქუთაისში, ზუგდიდში, ზესტაფონსა და ახალციხეში.
GFF.ge