სოსიაშვილი: ”შანსებს 50-50-ზე ვაფასებ”
ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრის წინ, გორის “დილას” თავკაცმა, უჩა სოსიაშვილმა პრესკონფერენცია გამართა.
„პირველ რიგში მოგესალმებით. რაც შეეხება ქალაქს, პირველად ვარ არამარტო გიუმრიში, არამედ სომხეთში და პირველი შთაბეჭდილება დადებითია, რაც შეეხება მინდვრის საფარს, იგი ძალიან კარგ მდგომარეობაშია.“
როგორც ვიცით, პირველი გამართული შეხვედრის შემდეგ, გულშემატკივრებს შორის მოხდა ინციდენტი, რას იტყვით ამის თაობაზე.
„ამ ინციდენტთან დაკავშირებით თამაშის დამთავრების შემდეგ გავიგე და უშუალოდ ვიყავი ამ პროცესში ჩართული, რათა გაგვერკვია თუ რა მოხდა. რათქმაუნდა ყველა ინციდენტი ცუდია, თუმცა თანამედროვე ფეხბურთში ხშირია გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება. ეს არამარტო ჩვენს გულშემატკივრებს ეხება, არამედ ისეთებს როგორიც ბარსელონას, რეალის და სხვა კლუბების გულშემატკივრები არიან.“
შანსებს როგორ აფასებთ?
„ჩვენ პირველ შეხვედრაში მინიმალური ანგარიშით გავიმარჯვეთ, თუმცა ვფიქრობ რომ წინ კიდევ ერთი თამაშია ჩასატარებელი და აქედან გამომდინარე შანსებს თანაბრად 50-50-ზე შევაფასებ.“
თქვენ ახალგაზრდა 26 წლის მწვრთნელი ბრძანდებით და საწვრთნელი კარიერის განმავლობაში გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეთ, თუ ფლობთ სამწვრთნელო PRO ლიცენზიას?
„მე მაქვს „A“ ლიცენზია, იქიდან გამომდინარე რომ პრო ლიცენზიის კურსების გავლამდე ჯერ სხვა ეტაპებია გასავლელი, ასე რომ დადგება ის დროც, როდესაც აუცილებლად პრო ლიცენზიის მფლობელი გავხდები.“
თქვენ საშინაო მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარი უკნიდან ითამაშეთ. ეს ტაქტიკური სვლა იყო, თუ მეტოქემ გაიძულათ ასე გეთამაშათ.
„უნდა გითხრათ, რომ პირველ დაპირისპირებაში ორივე გუნდმა შეტევითი სტილი აირჩია. ჩვენ პირველი ნახევრის ბოლოს გავიტანეთ გოლი და მეორე ტაიმში გუნდს კონტრშეტევებზე თამაში დავავალე, რის შედეგადაც კიდევ გვქონდა კარის აღების 2-3 მომენტი, თუმცა ერთ გოლზე მეტი აღარ გასულა.“
პირველი შეხვედრისგან განსხვავებით, რომელიმე ახალი ფეხბურთელი ხომ არ გყავთ დამატებული?
„ყველა ის ფეხბურთელი რომელმაც პირველ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა სრულ მზადყოფნაშია და თითოეული მათგანი ემზადება დაპირისპირებისთვის.“
მეტოქე გუნდიდან რომელიმე ფეხბურთელს თუ გამოარჩევდით, რომელმაც ყველაზე მეტი ხიფათი შეგიქმნათ.
„ასე ერთი ფეხბურთელის გამორჩევა გამიჭირდება, შირაქი უფრო გუნდურ ფეხბურთს თამაშობს და რომელიმეს დასახელება სწორი არ იქნება.“
ხვალ წვიმა არის მოსალოდნელი და ასეთ ამინდში თუ გაგიჭირდებათ დასახული მიზნის მიღწევა.
„ჩვენ პირველ შეხვედრაშიც წვიმიან ამინში მოგვიწია თამაშის ჩატარება და ამას პრობლემა არ შეუქმნია, ასე რომ დღეს თითოეული ფეხბურთელი რომელიც მოედანზე იქნება მაქსიმუმს გააკეთებს შედეგის მისაღწევად.“
შეგახსენებთ, რომ „შირაქისა“ და „დილას“ დაპირისპირება 7 ივლისს 17:00 საათზე დაიწყება. ასევე იგეგმება ტელეტრანსლაცია ტელეკომპანია „თრიალეთის“ ეთერით, ხოლო ტექსტური რეპორტაჟი გორის „დილას“ ფეისბუქის გვერდზე განხორციელდება.