3 ოქრო, 2 ვერცხლი, 2 ბრინჯაო – ბერძენ-რომაელების წარმატება უკრაინაში
წარმატებით დაასრულა გამოსვლა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 3-4 მარტს კიევში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე სადაც 21 ქვეყნის ნაკრები იღებდა მონაწილეობას, ბექა როყვას და ოთარ ტატიშვილის ხელმძღვანელობით ჩვენმა ნაკრებმა ჯამში 7 მედალი მოიპოვა, მათგან 3 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო.
ტურნირის ჩემპიონები გოგა გოგიბერაშვილი (66), ბაკურ გოგოლი (75) და ზვიად პატარიძე (130) გახდნენ, ვერცხლის მედლები ლევან არაბულმა (130) და რამაზ ზოიძემ (71) მოიპოვეს, მესამე საპრიზო ადგილები კი დავით ჩხარტიშვილმა (66) და ზურაბ დათუნაშვილმა (80) დაიკავეს.
66 კგ-ის ფინალში გოგიბერაშვილმა სომეხი კარენ ასლანიანი დამაჯერებლად დაამარცხა 11-5. მანამდე კი 4 მეტოქე ჩამოიშორა, უკრაინელ ვიტალი ფულგაიევს 3-2, ბელარუს მიხაილ სიამინაუს 7-1, უკრაინელ დემის დემიანკოვს 2-1 და ნახევარფინალში თანაგუნდელ დავით ჩხარტიშვილის 8-0 მოუგო, ამ უკანასკნელმა კი ბრინჯაოსთვის შეხვედრაში უკრაინელი ფულგაევი 2-1 დაამარცხა.
75 კგ ბრწყინვალედ იასპარეზე ბაკურ გოგოლმა თავის საფინალო გზაზე 3 უკრაინელი მეტოქე ჩამოიცილა, არტიომ მატიაში 3-1, დმიტრო არაბაჯი 4-3, იევგენი პიშკოვი 2-0 დაამარცხა, ფინალში კი მოლდაველ მიხაილ ბრადუს მინიმალური უპირატესობით მოუგო 2-2.
უფროსებს შორის მორიგი ტიტული მოიპოვა ახალგაზრდა ლომად წოდებულმა ზვიად პატარიძემ ვინც ქართულ ფინალში ლევან არაბული 3-1 დაამარცხა, მანამდე კი ამავე ანგარიშით გაუსწორდა სომეხ ვაჩიკ ეგიზარიანს და შემდეგ გი მოლდაველ ალინ ალექსუცს მოუგო 2-1. ლევან არაბულმა თავის მხრივ ნახევარფინალში უკრაინის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი რიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილე ოლექსანდრ ჩერნეცკი დაამარცხა.
71 კგ ზოიძემ მხოლოდ ფინალური დაპირისპირება დათმო დაძაბულ ბრძოლაში ირანელ ფარშად ბელფაკეჰთან 3-4, მანამდე კი ბელარუსი ვალერი პალენსკი 3-2 დაამარცხა, ნახევარფინალში კი 2:35 წუთში ქულების აშკარა უპირატესობით 9-0 მოუგო უკრაინელ არტურ პოლიტაევს, ეს უფროსებს შორის აჭარელი ფალავანის მეორე მოპოვებული მედალია.
ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კი ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა (80) ზურაბ დათუნაშვილმა უკრაინელი იაროსლავ ფილჩაკოვი 3-1 დაამარცხა. მიმდინარე სეზონში ახალ წონით კატეგორიაში ეს დათუნაშვილის მეორე მედალია შეგახსენებთ რომ მიმდინარე წლის დასაწყისში მან პირველი გამარჯვება 80 კგ კატეგორიაში მოსკოვში “ივან პადუბნის” მემორიალზე მოიპოვა.
საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია