3×3-ზე კალათბურთი მთაწმინდის პარკში
22 ივნისს მთაწმინდის პარკმა 3X3 კალათბურთში საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა. შეჯიბრში მონაწილეობა ამერიკის გოგონათა და ვაჟთა ასაკობრივმა გუნდებმა მიიღეს, რომელთან ერთადაც ტურნირში რუსთავისა და თბილისის გუნდებმა იასპარეზეს.
ტურნირში მონაწილე ქართული საკალათბურთო გუნდები 2015 წელს ჩამოყალიბდა. ისინი დაკომპლექტებულია თბილისის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებით, რომლებსაც ავარჯიშებენ და მეურვეობენ სკოლის მანდატურები, ხოლო მათთან პერიოდულად სტუმრობს სამართალდამცავი და გუნდის წევრ მოზარდებთან საუბრობს ცხვორების ჯანსაღი წესის, საზოგადოებრივი წესრიგის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, მათთან ერთად გეგმავს სხვადასხვა კლასგარეშე აქტივობებს.
საკალათბურთო ტურნირი ხორციელდება პროგრამის „ვითამაშოთ კალათბურთი- საქართველო“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოში ორგანიზაცია PH International-ი ახორციელებს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საქმეთა ბიუროს გაერთიანებული საერთაშორისო სპორტული ინიციატივების განყოფილების ფინანსური მხარდაჭერით. ტურნირის ორგანიზატორია ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია და ხორციელდება საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურის სამსახურის მხარდაჭერით.
მსგავსი ტიპის საკალათბურთო ინიციატივები საკმაოდ პოპულარულია აშშ-ში. სწორედ პროგრამის „ვითამაშოთ კალათბურთი – საქართველო“-ს ფარგლებში ხდება აშშ-ს გამოცდილების გაზიარება ადგილობრივ დონეზე. მსგავსი სპორტული პროგრამების განვითარება საქართველოში ხელს შეუწყოს ისეთი ახალგაზრდული სათემო სპოტული პროექტების განვითარებას, სადაც მწვრთნელებად და სპორტული ღონისძიებების ორგანიზატორებად ჩაერთვებიან სკოლის მანდატურები და პოლიციის ოფიცრები, რომლებიც პირადი მაგალითის საფუძველზე ხელს შეუწყობენ არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენციას.
მთაწმინდის პარკში გამართული ტურნირი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. ამერიკული გუნდები ნახევარფინალში დამარცხდნენ და ფინალი ქართული გამოვიდა.
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები