40 წელი ისტორიული გამარჯვებიდან – 1981 წლის 13 მაისი!

ზუსტად 40 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისის “დინამომ” 1981 წლის 13 მაისს თასების მფლობელთა თასის ფინალში იენის “კარლ ცაისი” 2-1 დაამარცხა და გამარჯვებული გახდა.
ანგარიში გერმანელებმა 63-ე წუთზე გახსნეს, მაგრამ ჯერ ვოვა გუცაევმა 67-ე წუთზე გაათანაბრა, 87-ზე კი ვიტალი დარასელიამ გამარჯვების გოლი შეაგდო.
2 დღის წინ გარდაიცვალა ფიზიოთერაპევტი ანზორ გაბიტაშვილი, რომელმაც მსაჯ რიკარდო ლატანცის ფინალის შემდეგ ბურთი მოჰპარა და საქართველოში ჩამოიტანა.
ვიხსენებთ ლეგენდარული კომენტატორის, კოტე მახარაძის წერილს წიგნიდან “რეპორტაჟი მიკროფონის გარეშე”.
“…გულწრფელად მჯერა: საქართველოს მოსახლეობას შორის გამოკითხვა რომ ჩაატარონ, ასე, 25 წლის ზევით, 99 პროცენტს ეცოდინება თუ რა მოხდა 20 წლის წინ, 13 მაისს. ეს მაჩვენებლი იქნება რეალური და არა შეკვეთილი.
რა მოხდა ასეთი დასამახსოვრებელი 1981 წლის 13 მაისს? თბილისის ,,დინამოს” ფეხბურთელებმა ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი მოიპოვეს.
ეს გამარჯვება საბჭოთა ფეხბურთის ერთ-ერთ კაშკაშა მწვერვალად იქცა. იგივე უნდა ითქვას ქართული ფეხბურთის მიმართაც, რომლის ისტორიაშიც ასეთი მომენტი, რა თქმა უნდა, არასდროს ყოფილა.
მთელი ცხოვრება ამ დღეზე ვოცნებობდი. ოდესღაც ის შორეული და მიუწვდომელი ჩანდა. მახსოვს, 1972 წელს რუსულმა ჟურნალმა „კვირამ” ჩემი ინტერვიუ გამოაქვეყნა და ბოლო კითხვაზე: რაზე ოცნებობთ? ასე ვუპასუხე: ,,მინდა თბილისის დინამოელები ვიხილო ერთ-ერთი ევროთასის ფინალში და რეპორტაჟი მე მიმყავდეს”.
ჩემი ნატვრა მაშინ იმდენად თავხედურად ჩანდა, რომ შეუსაბამო ღიმილი გამოიწვია. სულ ცხრა წელი გახდა საჭირო, რომ ოცნება რეალობად ქცეულიყო.
…აი, უკვე დიუსელდორფში ვარ. დავდივარ ქალაქში და ვეძებ სასტუმროს. ქუჩებში გაკრულია მომავალი თამაშის აფიშები. გადავხედე შეხვედრის პროგრამას და ცოტა არ იყოს გაკვირვებული და ნაწყენი დავრჩი: თბილისის ნაცვლად ყველგან ტიფლისი წერია. ამის შესახებ გერმანელ მეგობარს და ჟურნალისტს კარლ-ჰაინც ჰაიმანს შევჩივლე: რატომ ტიფლისი? მან მიპასუხა, რომ გადახედა ყველა წყაროს: ენციკლოპედიებს, მათ შორის ჰიტლერის დროინდელსაც და აღმოჩნდა, რომ ყველგან ნახსენებია – ტიფლისი.
მთელი ღამის განმავლობაში ვავსებდი მუყაოს სავიზიტო ბარათებს, სადაც გარკვევით და ნათლად დავწერე ერთადერთი სიტყვა – თბილისი. სტადიონზე ყველაზე ადრე მივედი და ეს ბარათები კომენტატორთა მაგიდებზე დავდე. ჩემმა გეგმამ გაამართლა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ფინალის კომენტატორთა უმრავლესობა სწორად წარმოთქვამდა – თბილისის ,,დინამო”…
ჩემი ყველაზე ბედნიერი რეპორტაჟი მცირე ექსკურსით დავიწყე და მაყურებელს ის გზა გავახსენე, რომლითაც გუნდები ფინალამდე მივიდნენ.
1981 წლის 13 მაისს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ დიუსელდორფის ,,რაინშტადიონზე” ერთმანეთის წინააღმდეგ დადგნენ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ქალაქ იენის „კარლ ცაისი” და თბილისის ,,დინამო”.
მეტოქეთა შანსები თანაბრად ფასდებოდა – გერმანული მკაცრი სათამაშო დისციპლინა და ძალისმიერი სტილი სამხრეთულ, მაღალ ტექნიკასა და იმპროვიზაციაზე დამყარებულ ნიჭს უნდა დაპირისპირებოდა.
გუნდები შემდეგი შემადგენლობით გავიდნენ მინდორზე:
,,კარლ ცაისი”: ჰანს-ულრიხ გრაპენტინი, გერტ ბრაუერი, გერჰარდ ჰოპე, ვოლფგანგ შილინგი, ლოთარ კურბიუვაიტი (კაპ), რუდიგერ შნუპჰაზე, ანდრეას კრაუზე, ლუტც ლინდემანი, ანდრეას ბილაუ, იურგენ რააბი, ებერჰარდ ფოგელი
,,დინამო”: ოთარ გაბელია, თამაზ კოსტავა, ალექსანდრე ჩივაძე (კაპ), ნოდარ ხიზანიშვილი, გია თავაძე, ვიტალი დარასელია, ზაურ სვანაძე, თენგიზ სულაქველიძე, ვლადიმერ გუცაევი, დავით ყიფიანი, რამაზ შენგელია.
თამაშის ტრანსლირებას ევროპისა და ამერიკის 46 ქვეყანა ახორციელებდა!
პირველი ტაიმი დაძაბულ და თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. ტექნიკური თბილისელები გაცილებით უკეთესად გამოიყურებოდნენ. გერმანელთა კარში დამაჯერებლად იდგა ცნობილი მეკარე გრაპენტინი, რომელიც შეხვედრის შემდეგ ,,კარლ ცაისის” მხრიდან სამართლიანად დაასახელეს მატჩის საუკეთესო მოთამაშედ.
მეორე ტაიმი სანახაობრივი და დრამატული გამოდგა. ორივე გუნდმა გადალახა დაძაბულობის ზღვარი, რომელიც მათ მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში ბოჭავდა და მაყურებლის წინაშე მთელი თავისი საბრძოლო აღჭურვილობით წარდგნენ.
მეორე ნახევარი გერმანული გუნდის მძლავრი ზეწოლით დაიწყო – ლინდემანი ვარდნაში ძლიერად ურტყამს თავით. საბედნიეროდ კარს მიღმა. თბილისელთა დაცვას გამოცდილი საშა ჩივაძის თაოსნობით მძიმე წუთების გადატანა უწევს.
მაგრამ დინამოელები მეტოქეს ვალში არ დარჩნენ და დავით ყიფიანის წინამძღოლობით სახიფათო კონტრშეტევებს მიმართავენ.
თუმცა პირველები წარმატებას ჩვენი მეტოქეები აღწევენ: 63-ე წუთზე მათი მცველი ჰოპე შეიჭრა საჯარიმო მოედანში და ქართველთა დაცვის შეცდომის შემდეგ კარის ზედა კუთხეში აუღებელი დაარტყა – 0:1.
უპირატესობის გამყარების მიზნით გერმანელები მთელი გუნდით წინ მიიწევენ და ზურგს ოდნავ იშიშვლებენ, რითაც მყისვე სარგებლობენ სწრაფი და ტექნიკური ვლადიმერ გუცაევი, რამაზ შენგელია და ვიტალი დარასელია.
თბილისელებმა ჭეშმარიტი ძალა წარმოაჩინეს, რამაც დამსახურებულად გამოიწვია მოხიბლული მაყურებლის აპლოდისმენტები. შეუდარებელია ყიფიანი, რომელმაც სრულად ხელთ იგდო თამაშის სადავეები.
სწორედ მან გაუკეთა ორგანიზება ორივე საპასუხო გოლს, რომლებიც, როგორც ვიქტორ პონედელნიკმა თქვა, ,,მათ შეუძლიათ ნებისმიერი საფეხბურთო სახელმძღვანელო თუ ფილმი დაამშვენონ”.
პირველი საპასუხო გოლი 67-ე წუთზე გავიტანეთ: ყიფიანმა მარჯვნივ გარღვევაზე გასული შენგელია შენიშნა, რომელიც ორი მეტოქის მოტყუების შემდეგ ზუსტ გადაცემას აწვდის საჯარიმოში შეჭრილ გუცაევს. ვოვამ აუღებელი დაარტყა და ანგარიში გაათანაბრა – 1:1.
ინიციატივა ქართველ ფეხბურთელთა მხარეს გადადის. მათი ტექნიკური უპირატესობა თვალშისაცემია. თამაშის დასრულებამდე სამი წუთით ადრე ყიფიანისა და დარასელიას იშვიათი სილამაზის კომბინაცია ამ უკანასკნელის უძლიერესი და ზუსტი დარტყმით მთავრდება – 2:1 ,,დინამოს” სასარგებლოდ.
საკუთარი მოვალეობის უნაკლოდ შემსრულებელმა იტალიელმა მსაჯმა რიკარდო ლატანციმ სწორედ ეს ანგარიში დააფიქსირა!
როგორც ახლა მახსოვს, თამაშის დასრულების შემდეგ ვთქვი: ,,წარმომიდგენია, რაც ახლა თბილისში ხდება! ხარობს საქართველოს უძველესი დედაქალაქი! ეს უდიდესი წარმატებაა ქართული და სრულიად საბჭოთა ფეხბურთისათვის”.
ამ სიტყვების გამო, მოსკოვში დაბრუნებული, ერთ-ერთ სახელმწიფო დაწესებულებაში დამიბარეს – გამაწამეს გაუთავებელი შეკითხვებით, თუ რას ვგულისხმობდი და რა ქვეტექსტი ედო ჩემს სიტყვებს „ქართული ფეხბურთი”.
„წარმომიდგენია, რა ხდება ახლა თბილისში!” – უნდა ვაღიარო, რომ ხმამაღლა გამოუვიდა თქვენ კომენტატორს. შემდეგ არაერთხელ უთქვამთ, რომ იმ დღეს მე ქვეყანას, ალბათ, საუკუნის ყველაზე სასიხარულო ამბავი ვაუწყე.
მთელი ერი გარეთ გამოვიდა: მამაკაცები, ქალები, ბავშვები… ხალხი ცეკვავდა, მღეროდა, მიირთმევდა შამპანურს, ერთმანეთს ეხვეოდა და ულოცავდა!
ზეიმმა დილამდე გასტანა!
ღამის სამ საათზე ტელევიზიის მთელი რეპორტაჟი გაიმეორეს!
იმავე ღამეს გამოჩნდნენ ჩემი გვარის ,,სპეციალისტები”, რომლებმაც, თურმე, მაშინ აღმოაჩინეს გვარის ფუძე – ,,მახარე”, რაც სიტყვასიტყვით ,,გამახარეს”, ანუ ,,მაუწყე სასიამოვნო ამბავი” ნიშნავს, და დაადასტურეს, რომ 1981 წლის 13 მაისის საღამოს ჩემი გვარის სემანტიკური საწყისი სრულებით გავამართლე.”, – წერს ლეგენდა კოტე მახარაძე.