5 მიზეზი, თუ რატომ უნდა იყიდოს “მანჩესტერ იუნაიტედმა” ჯეიმი ვარდი
5. ის არის ინგლისელი ტალანტი
პრემიერ ლიგაში ძალიან ბევრი უცხოელი ფეხბურთელი თამაშობს და ბუნებრივია, როცა ინგლისელი თავდამსხმელი ბევრ გოლს გაიტანს, მის სანაცვლოდ ასტრონომიულ თანხებს იხდიან. მართალია, ვარდი უკვე 28 წლისაა, თუმცა ჯერჯერობით მის თამაშს დასაწუნი არაფერი აქვს. რა მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჯეიმი სულ ახლახანს ათამაშდა? “მანჩესტერ იუნაიტედი” უნდა ეცადოს მის შეძენას ისე, როგორც სხვა ძალიან დიდი ტალანტების შემთხვევაში.
4. ჯეიმი ვარდი – ტიპური ცხრიანი
ერთადერთი ფეხბურთელი მანჩესტერელთა რიგებში, რომელიც მეტოქის საჯარიმოს სიღრმეში თამაშობს ენტონი მარსიალია. უეინ რუნი დიდი ხანია, რაც ამ პოზიციაზე არ თამაშობს, ხოლო ჯეიმს უილსონს კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი, რათა ვან გაალის ნდობა დაიმსახუროს. ჰოლანდიელ დამრიგებელს მარსიალის ტრავმის შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალი აქვს – ფელაინი, რომელიც ამპლუით ცენტრალური ნახევარმცველია. ჯეიმი ვარდიმ აჩვენა, თუ რა დონეზე შეუძლია ტიპური ცხრიანის პოზიციაზე თამაში.
3. მას აქვს ძალიან კარგი სისწრაფე
“მანჩესტერ იუნაიტედი” ტაქტიკურად ძალიან მაღალ დონეზეა, მაგრამ “ეშმაკუნებს” არ ჰყავთ სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელი, რომელიც შეტევის ხაზს კიდევ უფრო გააძლიერებს, თუ არ ჩავთვლით მემფის დეპაის. ვან გაალმაც შესანიშნავად იცის, რომ რუნი აღარაა ისეთივე სწრაფი და სხარტი, როგორიც ადრე იყო, რაც ვარდის “ოლდ ტარფორდთან” კიდევ უფრო აახლოებს.
2. ბოლომდე ბრძოლის უნარი
ლუის ვან გაალმა მანჩესტერელებს დაუბრუნა რწმენა, თუმცა გუნდს რაღაც მაინც აკლია. ფერგიუსონის ფეხბურთელებს თამაშის მიმართ ასეთი დამოკიდებულება ჰქონდათ: არ აქვს მნიშვნელობა ტაბლოზე რა ანგარიშია დაფიქსირებული, არასოდეს დანებდე! ჯეიმი ვარდიმ აჩვენა, რომ მას აქვს მეომრის მსგავსი სულისკვეთება, რაც მანჩესტერელებს ყველაზე მეტად აკლიათ.
1. ძალიან ბევრ გოლს იტანს
ვარდი დღითიდღე უფრო ძლიერი ფეხბურთელი ხდება, რაზეც მისი სტატისტიკაც მიგვითითებს. ის ფენომენალურ შედეგს აჩვენებს, 14 გოლი 15 მატჩში! სულ ცოტა ხნის წინ მან ნისტელროის რეკორდიც გააუმჯობესა და პრემიერ ლიგაში ზედიზედ 11 მატჩში გოლი გაიტანა.
ავტორი: გოგა ნაჭყებია