5 ქართველი ფეხბურთელი, რომლებმაც რუსეთის ნაკრები აირჩიეს
გუშინ შემოგთავაზეთ 5 ისეთი ქართველი ფეხბურთელი, რომლებთაც შემოთავაზება რუსეთის ნაკრებიდან ჰქონდათ, თუმცა უარი თქვეს და ჩვენი ქვეყნის ნაკრების ღირსება დაიცვეს. ახლა წარმოგიდგენთ 5 ფეხბურთელს, რომლებმაც რუსეთის ნაკრები აირჩიეს.
5. გიორგი მახათაძე
გიორგი მახათაძის მშობლები საქართველოდან არიან, მას შეეძლო საქართველოს ნაკრებში ეთამაშა, მაგრამ სხვა გზა აირჩია. მახათაძე იყო რუსეთის 17-წლამდე ნაკრების კაპიტანი, უთამაშია “რუბინსა” და “როსტოვში”. ბოლოს 2018 წელს, 20-წლამდელებში გამოიძახეს.
4. ნიკოლაი ყიფიანი
25 წლის ნიკოლაი ყიფიანი ერთ დროს რუსეთის ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა და ლიდერობასაც უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა მისი კარიერა ისე არ განვითარდა, როგორც სურდა. ახლა რუსეთის მეორე ლიგაში, “როტორში” გამოდის და ბოლოს 2016 წელს გამოიძახეს 19-წლამდე ნაკრებში. მართალია, ფორმალურად, ძირითად გუნდში თამაში არ ჩაუტარებია, მაგრამ ინტერვიუებში ხშირად აქვს აღნიშნული რომ რუსეთის ნაკრები არჩია.
3. გიორგი მელქაძე
გიორგი მელქაძეს 2016 წელს შესთავაზეს საქართველოს ნაკრებში გამოსვლა, მაგრამ მან ასე უპასუხა: “მათ ვუთხარი, რომ ფეხბურთის თამაში რუსეთში ვისწავლე, ამიტომ რუსეთისთვის ვითამაშებ. გარდა ამისა, მოსკოვში დავიბადე. საქართველოდან ამის შემდეგ არავინ დამკავშირებია. ისევ რომ დამირეკონ, უარს ვეტყვი, მე რუსეთისთვის ვითამაშებ”. მას შემდეგ მელქაძე სამჯერ იყო “სპარტაკიდან” განათხოვრებული და 21-წლამდეთა ნაკრებს ვერ გაცდა.
2. ომარ თეთრაძე
ომარ ოსიპოვი – 18 წლის ასაკში მან გვარი 90-იან წლებში გამძაფრებული ნაციონალიზმის გამო შეიცვალა და დედის ბებიის გვარი, თეთრაძე აიღო. ომარი ველისპირში, დმანისში არის დაბადებული. კარიერა “დინამო თბილისში” დაიწყო, შემდეგ კი ოზურგეთის “მერცხალშიც” იყო. ამის შემდეგ რუსულ და ბერძნულ კლუბებში, 1992 წელს კი 15 მატჩი “რომაში” ჩაატარა. თეთრაძემ რუსეთის ნაკრები არჩია და 94 წლის მსოფლიოზე და 96 წლის ევროპაზე გავიდა. თეთრაძე თავს ბერძენად მიიჩნევს, მაგრამ აღნიშნავს, რომ საქართველო მისი სამშობლოა.
1. გიორგი ჯიქია
გიორგი ჯიქიას მშობლები სოხუმიდან არიან, ომის შემდეგ კი რუსეთში გადავიდნენ, გიორგი მოსკოვში დაიბადა. ჯიქია რუსეთში მოთამაშე ბევრი ქართველის მეგობარია, საქართველოდან უამრავი ზარი მიიღო, ჩამოსულიც იყო, თუმცა ოკუპანტი ქვეყნის ნაკრების “ღირსების” დაცვა არჩია.
“ჩემი გადაწყვეტილების გამო, საქართველოში მოღალატედ მომიხსენიებენ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ოჯახში მხარი დამიჭირეს და სხვა დანარჩენს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. დიახ, მე მეგრელი ვარ. არის ასეთი ხალხი საქართველოში, რომელსაც საკუთარი ენა აქვს. ისინი ქართველებს არც კი ჰგვანან. მეგრულად მეც ვსაუბრობ. ქართულად უფრო ცუდად ვლაპარაკობ, წერა და კითხვა არ შემიძლია”, – განაცხადა ჯიქიამ”, – განაცხადა გიორგიმ 2017 წელს.
შენიშვნა: მართალია, მახათაძეს, ყიფიანსა და მელქაძეს ძირითად ნაკრებში არ უთამაშიათ, მაგრამ მათ არაერთხელ დაუფიქსირებიათ, რომ რუსეთის ნაკრები აირჩიეს, უბრალოდ, შემდეგ აღარ გამოუძახებიათ.