5 საუკეთესო ფეხბურთელი, რომელთა გუნდებიც პრემიერ ლიგიდან გავარდნენ
ბრიტანულმა საფეხბურთო პორტალმა Football 365-მა დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელები, რომელთა გუნდებმაც პრემიერ ლიგაში ადგილის შენარჩუნება ვერ მოახერხეს.
აღსანიშნავია, რომ ხუთეულში საქართველოს ნაკრებისა და “მანჩესტერ სიტის” ყოფილი შემტევი ნახევარმცველი, გიორგი ქინქლაძეც მოხვდა.
როი კინი (“ნოტინგემ ფორესტი”, 1993 წელი)
მართალია, როი კინს მთელი მსოფლიო ისე იცნობს, როგორც აგრესიულად მოთამაშე ფეხბურთელს, მაგრამ თავის დროზე, როცა ის “ნოტინგემ ფორესტის” ღირსებას იცავდა, სხვა თვისებებით გამოირჩეოდა. მას კარგი პასი და დარტყმა ჰქონდა, ხშირად ტექნიკურად მოქმედებდა. უდაოდ, მაშინ ირლანდიელი ნახევარმცველი თავისი გუნდის კაშკაშა ვარსკვლავი იყო.
“ნოტინგემმა” საწყის ტურებში “ლივერპულის” დამარცხებაც შეძლო, თუმცა საბოლოოდ, კლუბმა ცხრილში 22-ე პოზიცია დაიკავა და პრემიერ ლიგაში ადგილი ვერ შეინარჩუნა.
გიორგი ქინქლაძე (“მანჩესტერ სიტი”, 1996 წელი)
გიორგი ქინქლაძე “სიტის” ფანებისათვის ყველაფერი იყო, არის და იქნება. ქართველი ფეხბურთელი “მანჩესტერ სიტის” ისტორიაში საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ნამდვილად არის. ის გუნდის ლიდერი იყო. მისთვის რამდენიმე მეტოქე პრობლემას არ წარმოადგენდა, რადგან შეეძლო ნებისმიერი მათგანი თავისი მომაჯადოვებელი ფინტებით მოეტყუებინა. თუმცა, მხოლოდ ქინქლაძე საკმარისი არ აღმოჩნდა იმისათვის, რომ “ქალაქელებს” პრემიერ ლიგაში ადგილი შეენარჩუნებინათ.
ქინქლაძემ “მანჩესტერ სიტი” პრემიერ ლიგიდან გავარდნის შემდეგაც არ მიატოვა, რის გამოც ფანებმა ის კიდევ უფრო შეიყვარეს. აღსანიშნავია, რომ მაშინ ქინქლაძეს “ბარსელონასთან”, “ლივერპულთან” და “ინტერთან” აკავშირებდნენ.
ჟუნინიო (“მიდლსბრო”, 1997 წელი)
ჟუნინიო ინგლისში ჩასვლის შემდეგ “მიდლსბროს” ფანების სიყვარული მალევე მოიპოვა. შემტევი ნახევარმცველი თავისი ტექნიკური მოძრაობებით გამოირჩეოდა. ბრაზილიელი გუნდის ლიდერად ითვლებოდა.
1996-97 წლების სეზონი “მიდლსბროსათვის” ცუდად დასრულდა. კლუბმა ცხრილში მე-19 ადგილი დაიკავა და პრემიერ ლიგას დაემშვიდობა. ამის შემდეგ, ჟუნინიომ კარიერა მადრიდის “ატლეტიკოში” გააგრძელა.
პაოლო დი კანიო (“ვესტ ჰემი”, 2003 წელი)
2002-2003 წლების სეზონში “ვესტ ჰემში” ისეთი ფეხბურთელები თამაშობდნენ, როგორებიც მაიკლ კერიკი, ჟერმეინ დეფო, ფრედერიკ კანუტე, დევიდ ჯეიმსი, ლეს ფერდინანდი, ჯო კოული და გლენ ჯონსონი იყვნენ. თუმცა, მათ შორის დი კანიოს გამორჩევა ნამდვილად შეიძლება.
მიუხედავად იმისა, რომ იტალიელმა თავდამსხმელმა იმ სეზონში მხოლოდ 18 მატჩი ჩაატარა, მან ცხრა გოლის გატანა მაინც მოახერხა.
მარკ ვიდუკა (“ლიდსი”, 2004 წელი)
“ლიდსმა” 2003-2004 წლების სეზონი მე-19 ადგილზე დაასრულა და პრემიერ ლიგიდან გავარდა. მართალია, წინა სეზონში ვიდუკას 20 გოლი “ლიდსს” პრემიერ ლიგაში ადგილის შენარჩუნებაში დაეხმარა, თუმცა შემდეგ იგივი აღარ გამეორდა. 2004 წელს ავსტრალიელი თავდამსხმელი “მიდლსბროს” შეუერთდა.