5-თვიანი უქმობის შემდეგ როისი საქმეს დაუბრუნდა
დორტმუნდის “ბორუსიას” გერმანელი ლიდერი “დიდ ავიაციას” დაუბრუნდა – 27 წლის შემტევმა ის ტრავმა მოიშუშა, რომლის გამოც ლაზარეთში დაახლოებით 5 თვის გატარება მოუწია.
შეგახსენებთ, რომ გერმანელმა ფეხბურთელმა ტრავმის გამო ევრო 2016-იც გამოტოვა. ბოლოს მან გერმანიის თასის ფინალურ მატჩში ითამაშა, სადაც საზარდული დაიზიანა (“ბაიერნთან” გამართული მატჩი, 21 მაისი).
აქვე გეტყვით იმასაც, რომ დორტმუნდელთა რიგებში როისი ერთი თვის წინაც დაბრუნდა, თუმცა ტრავმამ კვლავ შეახსენა თავი და უკან, ლაზარეთში მოუწია დაბრუნება. დღეს კი, მან გუნდთან ერთად სრულფასოვნად ივარჯიშა.
დორტმუნდის “ბორუსია” მომდევნო მატჩს 14 ოქტომბერს ჩაატარებს, მისი მეტოქე ბერლინის “ჰერტა” იქნება, რომელიც ამჟამად გერმანული ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში 13 ქულით მეორე ადგილს იკავებს და 1 ქულით უსწრებს ტუჰელის გუნდს.